Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ადასტურებს IAEA-ის ცნობას, რომ მან უფრო ინტენსიურად დაიწყო ურანის მაღალ დონეზე გამდიდრება


ირანმა დაადასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშის დასკვნა, რომ ქვეყანამ უფრო ინტენსიური გახადა იარაღის დონის შესაბამისი ურანის გამდიდრება და ის 60 პროცენტამდე აიყვანა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საიდ ხატიბზადემ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი საერთაშორისო ატომური ხელშეკრულების განუხორციელებლობასა და აშშ-ის მხრიდან ირანისთვის სანქციების აღდგენაზე. როგორც კი დაინერგება 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის (NPT) ხელშეკრულების შესაბამისად და მოიხსნება აშშ-ის სანქციები, ირანი კვლავ დაემორჩილება ხელშეკრულებით ნაკისრ ტექნიკურ მოთხოვნებს - ხატიბზადეს ამ სიტყვებს 18 აგვისტოს ავრცელებს სააგენტო ISNA.

ირანმა აპრილში გამოაცხადა, რომ გეგმავდა ურანის 60 პროცენტამდე დონეზე გამდიდრებას, 20 პროცენტიდან - პასუხად ნატანზის ობიექტზე თავდასხმაზე, რომელშიც ის ისრაელს ადანაშაულებდა. ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც ირანმა დაარღვია 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს სანქციები აღუდგინა. ხელშეკრულების თანახმად, თეირანს ურანის რაფინირების უფლება მხოლოდ 3.67 პროცენტამდე ჰქონდა.

ხელშეკრულების გადარჩენისთვის მოლაპარაკება აპრილში დაიწყო ვენაში, თუმცა რამდენიმე რაუნდს გარღვევა არ მოჰყოლია და მოლაპარაკება ამჟამად შეჩერებულია.

მაისში, ვენაში განთავსებული IAEA აცხადებდა, რომ ირანი მხოლოდ ერთ კასკადს იყენებდა ურანის 60 პროცენტამდე გასამდიდრებლად. იარაღისთვის საჭირო დონედ ითვლება 90 პროცენტი - თუმცა ატომური ბომბის შესაქმნელად სხვა ტექნიკური ნაბიჯების გადადგმაც არის საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG