Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი ღანი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიიღო


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობის შემდეგ ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი აშრაფ ღანი მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობამ, - იუწყება ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 აგვისტოს.

სამინისტროს განცხადების თანახმად, უწყებას შეუძლია დაადასტუროს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ღანი და მისი ოჯახის წევრები მიიღო ჰუმანიტარული მოსაზრებების საფუძველზე.

აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა 15 აგვისტოს, როცა თალიბანის წარმომადგენლებმა ქაბულს ჯერ ალყა შემოარტყეს და შემდეგ მასში შევიდნენ, არმიისა და პოლიციისგან წინააღმდეგობის გარეშე. მოგვიანებით ღანიმ ფეისბუკით დაწერა, რომ "თალიბებმა გაიმარჯვეს" და ის ქვეყანას ტოვებს, რათა "სისხლისღვრა" აირიდოს თავიდან.

ოთხშაბათამდე ღანის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ვრცელდებოდა მხოლოდ დაუდასტურებელი ცნობები, რომ ის შესაძლოა გაემგზავრა ტაჯიკეთში, უზბეკეთში ან ყატარში.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთია იმ სამი სახელმწიფოდან - საუდის არაბეთსა და პაკისტანთან ერთად - რომლებიც აღიარებდნენ თალიბანის უწინდელ რეჟიმს, იუწყება სააგენტო ფრანს-პრესი. მაშინ თალიბები ავღანეთს 1996-დან 2001 წლამდე მართავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG