Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავღანეთისთვის დახმარებას წყვეტს


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაცხადა, რომ შეწყვიტა დახმარების მიწოდება ავღანეთისთვის, სადაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს თალიბებმა. „როგორც ყოველთვის, სავალუტო ფონდი ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციით. ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობაში არაა სიცხადე ავღანეთში მთავრობის აღიარების მხრივ, რის გამოც ამ ქვეყანას არ შეუძლია წვდომა იქონიოს სესხების საგანგებო უფლებების ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა რესურსებზე“, განაცხადა ფონდის კომუნიკაციის სამსახურის დირექტორმა ჯერი რაისმა.

18 აგვისტოს New York Times-ი იტყობინებოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, თალიბანს წვდომა შეუჩეროს 400 მილიონ დოლარზე. ფონდს ეს თანხა ავღანეთისთვის უნდა გადაერიცხა მომავალ კვირაში.

აგვისტოს დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაწყვიტა სარეკორდო თანხა, 650 მილიარდი დოლარი გამოეყო მსოფლიო ეკონომიკის აღსადგენად პანდემიის შემდეგ.

თანხა ნაწილდება ფონდის წევრებს შორის არსებული კვოტების თანახმად. ავღანეთის წილი აქ 460 მილიონი დოლარია. ქაბულმა მიიღო მხოლოდ 52 მილიონი დოლარი. პანდემიასთან დაკავშირებით ავღანეთს უნდა მიეღო სესხის სახით კიდევ 370 მილიონი დოლარი. ავღანეთის ცენტრალური ბანკის, ქვეყნიდან გაქცეული, დირექტორის, აჯმალ აჰმადის, თქმით, ავღანეთის სავალუტო რეზერვი ცხრა მილიარდს აღწევს, თუმცა ამ თანხის უდიდესი ნაწილი ქვეყნის გარეთაა. მხოლოდ აშშ-ის ცენტრალურ ბანკში ინახება შვიდი მილიარდი დოლარი.

The Wall Street Journal-ი იტყობინებოდა 18 აგვისტოს, რომ აშშ-მა შეწყვიტა დოლარის მასობრივი მიწოდება ავღანეთისთვის, რათა ის თალიბების ხელში არ მოხვდეს. გამოცემის წყაროს თქმით, ეს გადაწყვეტილება აშშ-მა ქაბულში თალიბანის შესვლამდე მიიღო.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლის დაწესების შესახებ გამოაცხადა 15 აგვიტოს. ქაბულის აღების შემდეგ გაერთიანება აცხადებს, რომ სურს ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნა.

აშშ-ის დაზვერვა თავის შეფასებებში არ მოელოდა ავღანეთის შეიარაღებული ძალების ასე სწრაფად დაშლას და ახლა აშშ-ს შეეზღუდა თავისი მოკავშირეებისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა.

აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ არ იცნობს არცერთ ანგარიშს, სადაც „ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უსაფრთხოების ძალები 300 ათასი კაცის შემადგენლობით 11 დღეში შეიძლებოდა დაშლილიყო“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარები დარჩებიან ავღანეთში 31 აგვისტოს შემდეგაც, თუ საჭირო იქნება აშშ-ის მოქალაქეთა ქვეყნიდან ევაკუაცია.

პრეზიდენტის თქმით, ახლა ავღანეთში იმყოფება 10-15 ათასი ამერიკელი, რომელთა გამოყვანა აუცილებელია. აშშ აპირებს ასევე გამოიყვანოს ავღანეთიდან 65 ათასამდე მოკავშირე - ავღანელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG