Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში მოსკოვის მარცხის მოკლე ქრონიკა


ავღანეთის გასაბჭოებაზე ფიქრს ბოლშევიკები ძალაუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყებენ. 1919 წლის აგვისტოში, ბავარიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში საბჭოთა რესპუბლიკების კრახის შემდეგ წითელი არმიის ხელმძღვანელი ტროცკი სწერდა ცენტრალურ კომიტეტს: „ინდოეთისკენ მიმავალი გზა ალბათ ამ მომენტში ჩვენთვის უფრო პრაქტიკული და უფრო მოკლეა, ვიდრე გზა საბჭოთა უნგრეთისაკენ [ …] გზა პარიზისა და ლონდონისკენ გადის ავღანეთის, პენჯაბისა და ბენგალის ქალაქებზე […] როგორც ჩანს, ევროპული რევოლუციის ჟამი დროებით გადაიდო […] სიტუაციის შეცვლა მოითხოვს ორიენტაციის შეცვლის აუცილებლობას“. ერთი თვის შემდეგ ტროცკი კიდევ უფრო კონკრეტული წინადადებით გამოდის, შესთავაზებს რა ლენინს თურქესტანში სამხედრო ბაზის შექმნას, რომელიც პლაცდარმი უნდა გამხდარიყო სპარსეთის, ბუხარის, ხივისა და ავღანეთის დასაპყრობად. მაგრამ, ვინაიდან ამ პერიოდში ბოლშევიკური რეჟიმის ბედი ბეწვზე ეკიდა, კრემლს მოუწევს აზიაში კომუნისტური ესქატოლოგიური გეგმის განხორციელების დროებით გადადება.

ჩინეთში მაო ძედუნის გამარჯვების შემდეგ, ტროცკის აზიური ესქატოლოგია ისევ აქტუალური გახდება კრემლში. 1955 წლიდან მოყოლებული მოსკოვი აქტიურად დაიწყებს ავღანეთისთვის იარაღის მიწოდებას და ფინანსური დახმარების გაწევას. 1960 წელს კრემლი უკვე მრჩევლებს მიავლენს ავღანეთის არმიაში. 1965 წლის იანვარში, კგბ-ს დახმარებით, ნურ მუჰამედ ტარაკი და ბაბრაქ ქარმალი შექმნიან ავღანეთის სახალხო დემოკრატიულ პარტიას, ერთგვარ ანალოგს კომუნისტური პარტიისა. 1978 წლის აპრილში, სახალხო დემოკრატიული პარტია კრემლის დახმარებით მოაწყობს გადატრიალებას. ამ პერიოდიდან მოყოლებული საბჭოთა მრჩევლების რაოდენობა ავღანეთში საგრძნობლად გაიზრდება.

1978 წლის ბოლოს, მიწის რეფორმის და სეკულარიზაციის მცდელობებისგან გამოწვეული უკმაყოფილების შედეგად იფეთქებს ანტისამთავრობო აჯანყება ფანჯშირის ხეობაში, ყანდაარსა და ჰერათში. აჯანყების ჩასაქრობად სამთავრობო ჯარები საბჭოთა კავშირის ტექნიკური მხარდაჭერით დაიწყებენ მოსახლეობის მასობრივად დაბომბვას.

1979 წლის მარტში ჰერათში უკვე სამხედრო ნაწილებში დაიწყება აჯანყება. ტარაკი ავღანეთში საბჭოთა სამხედრო ძალების შეყვანის თხოვნით მიმართავს კრემლს. ჯარის გაგზავნის ნაცვლად, კრემლი გადაწყვეტს სამხედრო დახმარების გაზრდით შემოიფარგლოს.

1979 წლის სექტემბერში ავღანეთი გახდება მორიგი გადატრიალების მსხვერპლი: ჰაფიზულა ამინი, ავღანეთის ახალი ხელისუფალი (რომლის ბრძანებითაც ტარაკი განადგურებულ იქნება), მოსკოვისათვის უსიამოვნო სიურპრიზი გახდება. გადატრიალებების ეს ჯაჭვი ქაოსის მორევში ჩაითრევს ქვეყანას - 1979 წლის შემოდგომაზე, ქვეყნის 26 პროვინციიდან 18 აჯანყდება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ქვეყნის სტაბილიზაციის მიზნით ამინი საბჭოთა ლიდერებს ჯარით დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

1979 წლის დეკემბერში პოლიტბიურო, ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო განყოფილება, კგბ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო შეისწავლიან საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანის შესაძლებლობას. სამხედრო ინტერვენციის ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგე იქნება გენერალური შტაბი: მარშალი ოგარკოვი (გენშტაბის უფროსი) ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადაარწმუნოს პოლიტბიუროს წევრები. მას მხარს დაუჭერენ მისი მოადგილე ახრომეევი, სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი პავლოვსკი და გენერალი ვანნიკოვი (გენშტაბის ოპერაციების უფროსი).

12 დეკემბრის საღამოს პოლიტბიურო შეიკრიბება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. პოლიტბიუროს ამ კრებას ესწრებოდნენ ბრეჟნევი (სახელმწიფოს მეთაური), ანდროპოვი (კგბ-ს უფროსი), გრომიკო (საგარეო საქმეთა მინისტრი), უსტინოვი (თავდაცვის მინისტრი) და პოლიტბიუროს კიდევ რამდენიმე წევრი. დისკუსიის კონფიდენციალურობის გამო ოქმი არ შედგენილა. ერთადერთი კვალი არის კონსტანტინ ჩერნენკოს ხელნაწერი ნახევარი გვერდი. მასში ნათქვამია, რომ პოლიტბიურომ დაამტკიცა ზომები ავღანეთთან დაკავშირებით, კგბ-ს თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე.

შეხვედრის მონაწილეები ერთხმად დაუჭერენ მხარს ავღანეთში შეჭრას. ამასთან, პოლიტბიურო გადაწყვეტს ჰაფიზულა ამინის დამხობას.

ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყება 1979 წლის 25 დეკემბერს. ერთ კვირაში დაახლოებით 50000 ჯარისკაცი (ორი მოტორიზებული დივიზია, ერთი სადესანტო დივიზია და დამხმარე ნაწილები) შეიჭრება ავღანეთში. 27 დეკემბერს კგბ-ს და გრუ-ს სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულ იქნება ჰაფიზულა ამინი.

მის ადგილს დაიკავებს მოსკოვის პროტეჟე ბაბრაქ ქარმალი.

1980 წლის იანვარში საბჭოთა ჯარების საერთო რაოდენობა უკვე დაახლოებით 80000-ს მიაღწევს. მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი პაკისტანთან და ირანთან ავღანეთის გრძელი საზღვრების დასალუქად და ამ ტერიტორიიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოდინების აღსაკვეთად.

მოსკოვი იმედოვნებდა, რომ საკუთარი გეგმების თანახმად, საბჭოთა ჯარები შემოიფარგლებოდნენ ქვეყნის საზღვრების, მთავარი არტერიების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრების დაცვით. მაგრამ 1980 წლის მარტიდან საბჭოთა ჯარები იძულებული გახდებიან, სულ უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთონ საბრძოლო ოპერაციებში.

საბჭოთა ჯარების აქტიური მონაწილეობა ბრძოლებში გაგრძელდა 1985 წლის აპრილამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საბჭოთა ჯარების ოპერაციები გამოირჩეოდა ძალზე დაბალი ეფექტიანობით. ამის მრავალი მიზეზი არსებობდა: პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ცუდად განსაზღვრული სამხედრო მიზნები, მეომრების დაბალი სულისკვეთება და ა.შ. თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებს სამხედრო ხელმძღვანელობა: ჯარები არ იქნებიან გაწვრთნილი პარტიზანებთან ბრძოლის მეთოდებში (მხოლოდ 1985 წლის დასაწყისში შეიქმნება გრუ-ს ორი ხუთასკაციანი ბრიგადა, გაწვრთნილი სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობისა და პარტიზანებთან ბრძოლის მეთოდებში).

ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხაილ გორბაჩოვი დაიწყებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ძიებას. 1986 წლის მაისში, კრემლის "რეკომენდაციით", პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მოხდება ძალაუფლების არაძალადობრივი შეცვლა: ლოთი ბაბრაქ ქარმალი გადადგება "ჯანმრთელობის პრობლემების გამო". მას ჩაანაცვლებს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამედ ნაჯიბულა. 1988 წლის აპრილში გაეროს ეგიდით ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ავღანეთსა და პაკისტანს შორის შეთანხმება გაფორმდება. ჟენევის შეთანხმების მთავარი შედეგი იქნება ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის გრაფიკის განსაზღვრა.

1989 წლის 15 თებერვალს, დილის 9:50 საათზე, თერმეზის სექტორში (უზბეკეთი), მე-40 არმიის სარდალი გენერალი გრომოვი თავის უკანასკნელ ჯარისკაცებთან ერთად გადაკვეთს ავღანეთ-უზბეკეთის „მეგობრობის ხიდს“ ავღანეთისა და სსრკ-ს საზღვარზე.

1979 წლის დეკემბერში მარშალი უსტინოვი პირობას დადებს, რომ საბჭოთა ჯარები ორ თვეზე მეტ ხანს არ გაატარებდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე. ისინი იქ თითქმის ათი წლის განმავლობაში დარჩებიან. 1989 წლის 14 აგვისტოს კრემლი პირველად აღიარებს საკუთარ მარცხს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 14453 საბჭოთა სამხედრო და 417 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ნიკოლაი ბისტროვი (რომლის არაორდინალურ ისტორიას შემდეგ ბლოგში მოგითხრობთ) ამ 417 ადამიანს შორის იქნება. რაც შეეხება ავღანეთის დანაკარგებს, ეს რიცხვი 500000-დან 2 მილიონამდე მერყეობს...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG