Accessibility links

site logo site logo

თალიბანი მოუწოდებს იმამებს, ერთიანობას შეუწყონ ხელი და დაარწმუნონ ხალხი, არ წავიდნენ ავღანეთიდან


თალიბანმა მიმართა იმამებს, პარასკევის ლოცვისას ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდონ. თალიბანის მიერ ქვეყანაზე 15 აგვისტოს კონტროლის დაწესების შემდეგ, პარასკევის პირველი ლოცვები მოეწყობა ქვეყანაში, სადაც კვლავ გრძელდება სპორადული საპროტესტო გამოსვლები თალიბანის წინააღმდეგ და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის, 19 აგვისტოს, აღსანიშნავად.

გავრცელდა ცნობები მსხვერპლის შესახებ. თალიბებმა ძალადობას მიმართეს დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუხედავად მათი დაპირებისა, რომ სურთ მშვიდობა და ინკლუზიური მთავრობის შექმნა „ისლამის ფასეულობების ჩარჩოებში“.

მიმართვაში თალიბანი აცხადებს, რომ იმამებმა „უნდა წააქეზონ თანამემამულეები, იშრომონ სამშობლოს განვითარებისთვის და არ შეეცადონ ქვეყნის დატოვებას“, „არ აჰყვნენ მტრის პროპაგანდას“.

ქაბულის ქუჩებში სიმშვიდეა, დადიან შეიარაღებული პირები მანქანებითა და ფეხით, გაიხსნა მაღაზიები, თუმცა დახურული რჩება ბანკები და სახელმწიფო უწყებები.

ქაბულის აეროპორტიდან გრძელდება საჰაერო გზით ხალხის გაყვანის ოპერაცია, რომლის დაჩქარებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ აშშ-ის არმიის შენაერთები და მათი მოკავშირეები.

აშშ-ის გენერალ-მაიორმა, ჰენკ ტეილორმა განაცხადა, რომ 14 აგვისტოდან მოყოლებული ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნიდან გაიყვანეს შვიდი ათასი პირი. პენტაგონის თანახმად, თალიბანი თანამშრომლობს ევაკუაციის საქმეში ქაბულის აეროპორტთან.

მაგრამ გავრცელდა ცნობები, რომ თალიბანის მებრძოლებს დაკავებული აქვთ აეროპორტის მისადგომი გამშვები პუნქტები და ხელს უშლიან ზოგიერთ ავღანელს აეროპორტში მისვლაში, რასაც პანიკა მოჰყვა მათ შორის, ვინც შიშობს, რომ არ მიეცემა ქვეყნის დატოვების საშუალება მაშინაც კი, როცა უცხოეთის მთავრობები გააფართოებენ ევაკუაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG