Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID 19-ით შარშან 1, წელს კი 8 ორსული გარდაიცვალა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დედათა სიკვდილიანობა უზარმაზარი პრობლემაა პანდემიის პირობებში როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ონლაინვებინარზე განაცხადა.

ეს უზარმაზარი პრობლემაა, სამწუხაროდ, ეს პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში, დედათა სიკვდილიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პირობებში სამწუხაროდ მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა, ჩვენ შარშან გვქონდა 1 შემთხვევა, წელს გვაქვს 8 დადასტურებული და მე-9 შესწავლის სტადიაშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 24 საათში ჩატარებული 46 389 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4743 შემთხვევა.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს, შედარებით მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ისევ საკმაოდ დაბალია.

საქართველოში აცრა შესაძლებელია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG