Accessibility links

site logo site logo

აშშ შეშფოთებულია, რომ თალიბებს ხელში ჩაუვარდათ დიდძალი შეიარაღება


აშშ-ის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია იმით, რომ თალიბებს ხელში ჩაუვარდათ იარაღი, რომელიც ამერიკის მხარემ გადასცა ავღანეთის არმიას ავღანეთში ნატოს ძალების ოპერაციის პერიოდში.

ავღანეთმა 2002-2017 წლებში 28 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიიღო. ავღანეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის დაკავების შემდეგ თალიბებმა ასევე ხელში ჩაიგდეს შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც უკანდახეულმა ავღანეთის ჯარებმა მიატოვეს. „ყველაფერი, რაც არ განადგურებულა, ახლა თალიბებს ეკუთვნით,“ განუცხადა Reuters-ს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გასაჯაროება.

არსებობს ვიდეოჩანაწერები, როგორ ათვალიერებენ თალიბები ახალ ცეცხლსასროლ იარაღს, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და უპილოტო საფრენ აპარატებსაც კი. აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ ეს იარაღი შეიძლება გამოიყენონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ხელში ჩაიგდონ სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ან ისეთ ქვეყნებსაც კი გადასცენ, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი. პუბლიკაციებში, რომლებშიც ოფიციალურ პირებს იმოწმებენ, ეს ქვეყნები „მოწინააღმდეგეებად“ არიან მოხსენიებული.

კიდევ ერთი წყაროს თანახმად, თალიბების მიერ ხელში ჩაგდებული იარაღის ზუსტი რაოდენობა არ მოიპოვება, მაგრამ დაზვერვა ვარაუდობს, რომ თალიბები აკონტროლებენ 2000-ზე მეტ ჯავშტანტრანსპორტიორს, მათ შორის ამერიკულ Humvee-ს, და 40-მდე საფრენ აპარატს, მათ შორის Black Hawks-ის ტიპის ვერტმფრენებს, სადაზვერვო მოიერიშე ვერტმფრენებსა და ScanEagle-ის ტიპის სამხედრო დრონებს.

როგორც „ამერიკის ხმა“ შენიშნავს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად არის შეშფოთებული და მსჯელობს, რა შეიძლება გაკეთდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG