Accessibility links

site logo site logo

დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატები დე ფაქტო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებით იმუქრებიან


ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა უარი განაცხადეს შვებულებაში წასვლაზე, ვიდრე მთავრობა არ წარადგენს რუსეთის ხაზინის აუდიტის მიერ აღმასრულებელი ორგანოების შემოწმების აქტს. თუ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი უარს იტყვის ამაზე, ოპოზიცია აპირებს, კენჭისყრაზე მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენოს.

სასესიო არდადეგების გამოსაცხადებლად დე ფაქტო პარლამენტს, გადაწყვეტილების მისაღებად ერთი ხმა დააკლდა. 17-მა ე.წ. დეპუტატმა შვებულებაში გასვლას ხმა მისცა, არადა, 18 ხმა იყო საჭირო.

ოპოზიციური პარტიების დეპუტატები უარს ამბობენ პარლამენტის დატოვებაზე, ვიდრე არ მიიღებენ პასუხებს სამინისტროებიდან მათ მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე. დე ფაქტო დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დეპუტატებს შვებულებაში წასვლის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

რესპუბლიკაში შეიქმნა რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, სახელმწიფო-საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შეუსრულებლობის გამო. კანონი პარლამენტმა გასულ წელს მიიღო, მაგრამ ამ კანონის განხორციელების სამართლებრივი ჩარჩო ჯერ არ არის მომზადებული. ამის გამო, საჯარო მოსამსახურეებს არ მიუღიათ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატები“.

გარდა ამისა, ამირან დიაკონოვის თქმით, დე ფაქტო მთავრობა უარს ამბობს საპარლამენტო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც პარლამენტისთვის აუდიტის ანგარიშის გადაცემას ითვალისწინებს. დე ფაქტო სამთავრობო უწყებები ახლახან შეამოწმა რუსეთის სახაზინო აუდიტორების სამსახურმა.

ე.წ. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა დე ფაქტო დეპუტატებს იმ დადგენილებაზე მიუთითეს, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი ინფორმაცია შიდა მოხმარების საგანია. ისინი ამბობენ, რომ ამ დოკუმენტის გამო მათ არ აქვთ უფლება, პარლამენტს შემოწმების შედეგების შესახებ აცნობონ. ამირან დიაკონოვი ამბობს, რომ ეს აღმაშფოთებელი და უკანონოა.

„ისინი არღვევენ კანონს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეპუტატის სტატუსის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, დეპუტატს ან დეპუტატთა ჯგუფს უფლება აქვთ მიმართონ სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს, ნებისმიერ დაწესებულებას ინფორმაციის მოთხოვნით და ისინი ვალდებულნი არიან, მოგვაწოდონ ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში. ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების გამოყენების და საჯარო სახსრების ხარჯვის შესახებ საიდუმლო ვერ იქნება. ამ თვალსაზრისითაც კი, ისინი არღვევენ ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს. ასეთ პირობებში დეპუტატებს უბრალოდ არ აქვთ მორალური უფლება, შვებულებაში წავიდნენ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კანონის ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევის ფონზე”.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევიც მიიჩნევს, რომ ახლა არ არის დრო, მთავრობა პარლამენტის ზედამხედველობის გარეშე დატოვონ. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გამოიძახონ პარლამენტში და მათ უნდა მოსთხოვონ ანგარიში ფინანსური ხარჯების შესახებ.

„თუ თქვენ, აღმასრულებელი ხელისუფლება, არ გვენდობით დეპუტატებს, მაშინ რატომ უნდა გენდოთ ჩვენ თქვენ? ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბიუჯეტი, შევიტანოთ ცვლილებები მასში, მივიღოთ კანონი ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მაგრამ რატომღაც ჩვენ არ გვაძლევთ აქტს, რომელშიც ჩავიხედავთ და ვნახავთ, რა დარღვევები ჩაიდინეთ. უფრო მეტიც, თქვენ ვალდებული ხართ, მოგვაწოდოთ ეს დოკუმენტი“.

დავით სანაკოევი ამბობს, რომ ოპოზიციურმა ფრაქციებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან ტადატაევს მიმართეს, რომ მან დეპუტატების მოთხოვნა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს მიაწოდოს.

დეპუტატების ჯგუფმა მოითხოვა, რომ მთავრობამ გადმოგვცეს რუსული აუდიტის დასკვნა. ამის შემდეგ ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ. როდის დაასრულებს პარლამენტი მუშაობას, თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხს დავსვამთ. ჩვენ ჯერ თოთხმეტნი ვართ, მაგრამ შეიძლება მეტიც გავხდეთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვართ საკმარისზე მეტი, რომ ნდობის საკითხი გამოვიტანოთ პარლამენტში. კანონის თანახმად, პარლამენტის ერთი მესამედი საკმარისია ამისათვის, .. თორმეტი დეპუტატი”, - ამბობს დავით სანაკოევი.

რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან ამბობს, რომ მოსკოვის აუდიტის დასკვნას ბიბილოვის ხელისუფლება არა მარტო დეპუტატებს, არამედ საზოგადოებასაც უმალავს.

„ინფორმაცია შემოწმების შედეგების შესახებ უკვე ჟონავს. ამბობენ, რომ უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ინფორმაცია როგორმე დამალოს, რათა ხალხისთვის ცნობილი არ გახდეს, როგორ იხარჯება რუსეთიდან გამოგზავნილი ფინანსები. როგორ ხდება ამ ფულის მითვისება. მოსკოვს უკვე ეჭვი აქვს და აქ შემოწმება შემოწმებაზე ტარდება, რადგან სულ უფრო მეტი ფული იკარგება აშკარად. ამიტომ ჩვენი მთავრობა თუ არა, რუსეთი მაინც მოგვაწვდის ბოლოს და ბოლოს ინფორმაციას და ეს ალბათ კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდება. დეპუტატები მთავრობის უნდობლობის საკითხით იმუქრებიან და ამის საფუძველი მათ უკვე აქვთ. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG