Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ თალიბანს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ავღანეთიდან „უსაფრთხო და მოწესრიგებულ“ ევაკუაციას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 20 აგვისტო.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 20 აგვისტო.

ნატომ თალიბანს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ავღანეთიდან უცხოელებისა და ამის უფლების მქონე ავღანელების „უსაფრთხო და მოწესრიგებულ“ ევაკუაციას მაშინ, როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგ ადამიანს უჭირს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტამდე მიღწევა.

„მოვუწოდებთ იმათ, ვინც ხელისუფლებით არის აღჭურვილი ავღანეთში, პატივი სცენ და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და მოწესრიგებულ გამგზავრებას, მათ შორის ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გავლით,“ აცხადებს ნატოს 30 წევრი განცხადებაში, რომელიც 20 აგვისტოს გამართულ საგანგებო სხდომას მოჰყვა. „სანამ გრძელდება საევაკუაციო ოპერაციები, ჩვენ მოკავშირე სამხედრო საშუალებების მეშვეობით განვაგრძობთ მჭიდრო საოპერაციო კოორდინაციას“ აეროპორტში, ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უთხრა სხდომაზე შეკრებილ საგარეო საქმეთა მინისტრებს, იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხმა აეროპორტს მიაღწიოს, ალიანსის წინაშე მდგარი „მთავარი გამოწვევაა“ გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ თალიბანის წევრები ნადირობენ ავღანელებზე, რომლებიც ნატოსთან თანამშრომლობდნენ.

დასავლეთის სამხედრო ალიანსი ავღანეთში 800-მდე სამოქალაქო პირს ინარჩუნებს, მათ შორის ავღანელებსაც, მაგრამ ქვეყანაში აღარ ჰყავს სამხედრო მოსამსახურეები. თუმცა აშშ-ისა და მოკავშირეთა ათასობით ჯარისკაცი განაგრძობს ქაბულის აეროპორტის დაცვას და კოორდინაციას უწევს საევაკუაციო ავიარეისებს, რასაც ართულებს სხვადასხვა პრობლემა - შეიარაღებული თალიბების გამშვები პუნქტებით დაწყებული, ბიუროკრატიული წინაღობებით დამთავრებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG