Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-მ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის უკან ვერ აღმოაჩინა "გრანდიოზული შეთქმულება"


გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვერ იპოვა იმის სერიოზული მტკიცებულება, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა ორგანიზებული შეთქმულებისა და კოორდინირებული შეტევის შედეგი იყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროს თანახმად, შტურმის 600 მონაწილის უდიდესი ნაწილი დამოუკიდებლად მოქმედებდა და მხოლოდ დაახლოებით ყოველი მე-20 მუშაობდა ჯგუფებში წინასწარ შეთანხმებული გეგმით.

საქმე ეხება საპროტესტო აქციის მონაწილეებს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებიდან, როგორებიცაა „ამაყი ბიჭები“ და „ფიცის მცველები“: მათი მიზანი თავიდანვე მართლაც იყო საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა, მიაჩნიათ პოლიციაში. ამავე დროს გამოძიებამ დაასკვნა, რომ ამ უჯრედებს არ ჰქონდათ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რა უნდა გაეკეთებინათ კონგრესის სხდომათა დარბაზში შეღწევის შემდეგ. Reuters-ის წყაროს თქმით, პოლიცია ვერ ხედავს ვერავითარ „გრანდიოზულ შეთქმულებას“, რომელიც შეიძლება ორგანიზებული ყოფილიყო მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ლოიალური რომელიმე პოლიტიკოსის მიერ.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ შეთქმულების ბრალდება წაუყენა 40 პირს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჯერ კიდევ შტურმამდე რამდენიმე კვირით ადრე „ამაყი ბიჭების“ ლიდერი თავის თანამებრძოლებს მოუწოდებდა, მოემზადებინათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, თავდასხმის დღეს კი მიუთითა მათ, ორგანიზებულად მიეღწიათ შენობასთან და მასში შესაღწევად რამდენიმე შესასვლელი მოეწყოთ.

ივლისში პირველი რეალური სასჯელი იქნა გამოტანილი. ფლორიდის მაცხოვრებელს რვა თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი მათ წინაშე გამოვიდა მიტინგზე და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გააყალბეს. სასამართლომ არ დაადასტურა ტრამპის ეს მოსაზრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG