Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

21-23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი ქალაქ ლვოვში უმასპინძლებს.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

ოფიციალური ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს 19 ივლისს ესტუმრა და საქართველოს, მოლდოვის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთად, ბათუმში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა". ზელენსკი იმყოფებოდა ენგურის ხიდზეც, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან.

XS
SM
MD
LG