Accessibility links

site logo site logo

რუსეთის პოლიციამ დააკავა ჟურნალისტები, რომლებიც მედიის თავისუფლების ჩახშობას აპროტესტებდნენ


ჟურნალისტი ალექსანდრ გოროცოვის პიკეტი, რომელიც მიმართული იყო ტელეარხ "დოჟდის" და გამოცემა „მნიშვნელოვანი ამბების“"უცხოეთის აგენტად" გამოცხადების წინააღმდეგ. მოსკოვი, 21 აგვისტო, 2021 წელი

რუსეთის პოლიციამ დააკავა რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც 21 აგვისტოს პროტესტით გამოვიდნენ მოსკოვში ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ წამყვანი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის "უცხოეთის აგენტად" გამოცხადების შესახებ.

არასანქცირებული საპროტესტო შეკრებების შესახებ რუსეთის კანონების გვერდის ავლის მიზნით, ჟურნალისტებმა ინდივიდუალური პიკეტები მოაწყვეს ქვეყნის უშიშროების მთავარი სამმართველოს, FSB-ს შენობის წინ, მოსკოვის ლუბიანკას მოედანზე.

ისინი დააკავეს მას შემდეგ, რაც ხელში დაიჭირეს საპროტესტო პლაკატები წარწერებით - "ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის" და "თქვენ სიმართლის გეშინიათ".

პროტესტი მოჰყვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს 20 აგვისტოს გადაწყვეტილებას სატელევიზიო არხის, "დოჟდის" და ონლაინ საგამოძიებო გამოცემის „მნიშვნელოვანი ამბების“ (Important Stories- Важные истории)"უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანის შესახებ.

"დოჟდმა" ეს აღნიშვნა დაგმო, როგორც უსამართლო, და განაცხადა, რომ მას გაასაჩივრებს. "დოჟდი" ონლაინ მუშაობს და უკვე დიდი ხანია, წარმოადგენს პლატფორმას, სადაც კრემლის კრიტიკოსებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სახელმწიფო ტელევიზიაზე მოხვედრა, შეუძლიათ აქ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.

არხი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლების რეპრესიებს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. ის რეგულარულად ახდენდა ოპოზიციური საპროტესტო გამოსვლების პირდაპირ ტრანსლაციას.

ამ არხზე ფართოდ შუქდებოდა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა და დაპატიმრება, და ხელისუფლების მიერ ნავალნის მოკავშირეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG