Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში შეხვედრებს განაგრძობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა, ქალაქ ლვოვში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა ლვოვის ხალხური არქიტექტურის მუზეუმი მოინახულეს და ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერეს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალისთვის გაიმართა კულტურული ტური ლვოვის ისტორიულ ცენტრში. პრემიერ-მინისტრებმა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზეც იმყოფებოდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი უცხოური კონტიგენტის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ, რომელთა შორის მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე გაეცნენ საიმიტაციო მოდელირების ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, მათ შორის უკრაინაში წარმოებული იარაღი და სასწავლო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრი ყოველწლიურად არაერთ მსხვილ საერთაშორისო სწავლებას მასპინძლობს, რომელშიც ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებელ სამიტში, რომელიც 23 აგვისტოს კიევში გაიმართება.

სამიტში მონაწილეობენ 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის - ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG