Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის თქმით, არ დაუშვებს ავღანეთში საერთაშორისო ძალების დარჩენას 31 აგვისტოს შემდეგ


თალიბანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ავღანეთში აშშ-ისა და საერთაშორისო ძალების დარჩენას 31 აგვისტოს შემდეგ, მას მერე, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის ქაოსური პროცესის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს ქვეყანაში ჯარების ვადაზე მეტ ხანს დატოვება.

ეს განცხადება თალიბანმა 23 აგვისტოს გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთი ავღანელი მცველი დაიღუპა ქაბულის აეროპორტში სროლისას და სამი დაიჭრა. ათასობით ადამიანი ცდილობს ავღანეთის დატოვებას, რათა თავი დააღწიოს თალიბანის რეჟიმს, რომელსაც თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორია აქვს დაკავებული.

აეროპორტში ნატოს ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სროლის შემდეგ ვითარებას აკონტროლებენ.

თალიბანმა აეროპორტის გარეთ განალაგა მებრძოლები, რათა, მათი თქმით, რაიმე სახის წესრიგის დამყარებას შეუწყონ ხელი.

აეროპორტში შექმნილ ქაოსურ ვითარებაში აქამდე ოცი ადამიანი დაიღუპა სროლისა და ჭყლეტის შედეგად. აშშ და საერთაშორისო ძალები ცდილობენ, ქვეყნიდან გაიყვანონ ის ავღანელები, რომელთაც რაიმე საფრთხე ემუქრებათ თალიბანის მხრიდან.

კრიზისის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი განიხილავს ავღანეთიდან უკანასკნელი ჯარების გაყვანის თარიღის გადავადებას.

როგორც ვარაუდობენ, 24 აგვისტოს შვიდი ქვეყნის ლიდერების საგანგებო შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბაიდენისგან მოითხოვს, ქაბულიდან ევაკუაციის დასრულების ვადა გახანგრძლივდეს. მაგრამ თალიბანის პრესსპიკერმა სუჰაილ შაჰინმა Sky News-ს 23 აგვისტოს ინტერვიუში განუცხადა, რომ ასეთ ნაბიჯს „უნდობლობა“ მოჰყვება და „რეაქციის პროვოცირებას მოახდენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG