Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: "რაც უნდა ეცადონ ოპონენტები ჩვენი განვითარების შეფერხებას, ჩვენ უფრო მეტად შევუტევთ"


„უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

პრემიერის შეფასებით, საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული და საქართველოს მთავრობას, მისი სიტყვებით, განზრახული აქვს უფრო ფართო, პროაქტიული ხედვის შემუშავება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

„ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ხალხის წინაშე და ამ გზას მყარად ვადგავართ. პარალელურად, დემოკრატიული რეფორმების ცალსახა კონსოლიდაციისკენ მივდივართ, მდგრადი ეკონომიკური განვითარებით, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით. რაც არ უნდა ეცადონ ოპონენტები ჩვენი განვითარების შეფერხებას, ჩვენ უფრო მეტად შევუტევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „ყირიმის პლატფორმა“ მნიშვნელოვან ტრიბუნად იქცევა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები მხარს დაუჭერენ და ხანგრძლივი ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ.

„და ბოლოს, ერთობლივი ძალისხმევით და სტრატეგიული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ შავი ზღვის რეგიონის შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნას, სადაც ეკონომიკა აყვავდება და ხალხი კეთილდღეობას იგრძნობს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG