Accessibility links

site logo site logo

ციხანოუსკაიას თქმით, ევროპაში არავინაა ლუკაშენკასგან დაცული


სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია გამოვიდა მოწოდებით, მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. მისი თქმით, ლუკაშენკას ავტოკრატიული რეჟიმი ევროპაში ქაოსის გავრცელების მუქარას ქმნის.

New York Times-ში 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში ციხანოუსკაია წერს, რომ „კონტინენტის სასიკეთოდ“ საჭიროა ლუკაშენკას შეჩერება. ეს განცხადება მან გააკეთა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. ხელისუფლება ხშირად სასტიკად უსწორდება დემონსტრაციების მონაწილეებს, დაღუპულია 10 ადამიანი.

ციხანოუსკაიამ თავის სტატიაში ახსენა ახლახან ევროპული სამგზავრო თვითმფრინავის ძალით დასმა მინსკში და ლუკაშენკას რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრება, ასევე ბელარუსის სათვისტომოს ლიდერის ჩამოხრჩობა კიევში. ციხანოუსკაიას თქმით, ამ მოვლენებმა ცხადყო, რომ „თუკი არ შევაკავებთ ევროპის ცენტრში თავისუფლად მყოფ ბანდიტს, ვერცერთი ევროპელი მოქალაქე ვერ იქნება უსაფრთხოდ“.

„ბელარუსზე გადის ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის ბრძოლის ფრონტის ხაზი. საერთაშორისო მხარდაჭერა გაიზარდა, მაგრამ მეტის გაკეთება შეიძლება“, წერს ის. „ბოლოს და ბოლოს საქმე ეხება არა მხოლოდ ბელარუსს. რეჟიმი უსაფრთხოების პრობლემად იქცა მთელი ევროპისთვის“, დასძენს ციხანოუსკაია.

ლუკაშენკა 1994 წლიდან არის სახელმწიფოს სათავეში. 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ის ზედიზედ მეექვსედ გამოაცხადეს გამარჯვებულად. მაგრამ მილიონობით ადამიანის აზრით, არჩევნები გაყალბებული იყო. დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი ლუკაშენკას არ მიიჩნევს კანონიერ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG