Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სათაური: ვიეტნამი, სირია, ავღანეთი... ვინ იქნება შემდეგი?


ავტორი: ლალი ოქროშიძე

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და ერი ყოველთვის სუპერგმირის იმიჯს იქმნიდა. ფილმებიდანაც ასეთი გრძნობა რჩება: გადამწყვეტი მომენტია, 10 წამია დარჩენილი მსოფლიოს განადგურებამდე, მაგრამ მხოლოდ ამერიკელი პოულობს გამოსავალს და ფილმი კეთილად სრულდება. ტიპიური, ამერიკული “Happy end”.

ყველა ამ “Happy end“-ს ველოდით, როცა 2020 წლის არჩევნებში ბაიდენს ვგულშემატკივრობდით, ვოცნებობდით დემოკრატიის იდეების გამარჯვებაზე, ვზეიმობდით შედეგებს. გვეგონა, ბაიდენი მოიგებს და პანდემიას დაამარცხებს, აი იმ ამერიკილივით, 10 წამით ადრე რომ იხსნის მსოფლიოს კატასტროფისგან.

ამის აბსოლუტურად საწინააღდმეგო მოვლენის მომსწრენი ვართ.

ავღანეთში დატრიალებული ამბავი დანაშაულია ავღანელი ხალხის წინაშე.

ვიეტნამის შესახებ მხოლოდ წაკითხული ან მოსმენილი მაქვს, ამიტომ ტრაგედიას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინდოჩინეთში დაატრიალა, შედარებით, მცირე მასშტაბებში აღვიქვამ.

ავღანეთის შემთხვევაში, მოვლენათა დიდი ნაწილი უკვე ამ საუკუნეში მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთის ომში ჯორჯ ბუშის (უმცროსის) დროს, 2001 წელს, 11 სექტემბრის შემდეგ, ჩაერივნენ.

2014 წელს ომი ოფიციალურად დასრულდა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლა უფრო დაცული და უსაფრთხოა.

რაც ახლა (ჩვენს თვალწინ, ეკრანებზე) მოხდა, მსუბუქად რომ შევაფასოთ, იმედგაცრუების გრძნობას ბადებს. გამოდის, მაშინაც კი, როცა ზესახელმწიფოები კეთილ ნებას იჩენენ და გეხმარებიან, სინამდვილეში არ გეხმარებიან. არც სიტუაციის სტაბილიზიაციას, არც ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვას, არც ზოგადად, სიცოცხლის უფლების დაცვას ცდილობენ. ერთადერთი, რასაც შეგიძლია ელოდო, ყველაზე მოულოდნელ და შეუფერებელ მომენტში, მიტოვებაა.

მორალი: ისევ ჯობს ყველა ქვეყანამ თავის თავს საკუთარი ძალებით მიხედოს და სხვას ნუ დაელოდება.

მითუმეტეს ბაიდენის განცხადება, თითქოს ამერიკელები სხვების ომს ვერ იომებენ, თუ ის სხვები თავად არ იცავენ თავს, განსაკუთრებულად მტკივნეული მოსასმენია.

საერთოდ რატომ იყო საჭირო თავის დროზე ავღანეთის საქმეებში ჩარევა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლების იარაღით მომარაგებისთვის?

იქნებ, ამდენი წლის მანძილზე, ავღანელი ხალხი შეძლებდა თვითონ, როგორმე, სიტუაციასთან გამკლავებას?

როგორ შეეძლოთ ავღანეთის ომის ვეტერანებისთვის, ომში დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება.

ეს ყველაფერი ფუჭი იყო?

სხვის ომში, ტყუილად დაიხოცეთო (ან დაგხოცეთო)?!

ტრამპი მოძალადე იყო - თავის მოქალაქეებზე ძალადობდა, მათ უფლებებს არღვევდა. რადგან ავღანელები გადასახადებს ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში არ იხდიან, მათი უფლებების იგნორირება და მათზე ძალადობაზე თვალის დახუჭვა მისაღებია?

საინტერესოა ისიც, ვისი ხელებით განახორციელა ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ავღანეთიდან გასვლის იდეა, ალბათ, საკმაო ხანი მწიფდებოდა, თუ პაქტს, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ ხელი ტრამპმა მოაწერა. შემდეგ ფიქრი დაიწყეს, ვინ გაიყვანოს ჯარები? პრეზიდენტი დემოკრატი უნდა ყოფილიყო, რათა რესპუბლიკელს (მოძალადე ტრამპს) კიდევ ერთი ვადით არ მოეგო, მაგრამ ისეთი კანდიდატი, რომელიც მეორე ვადაზე თავიდანვე უარს იტყოდა.

წარმოუდგენელია ბაიდენის მეორედ გამარჯვება. მისი რეიტინგის დაცემაც ამაზე მეტყველებს.

კამალა ჰარისის პოზიცია საერთოდ გაუგებარია. აიღო და ვიეტნამში წავიდა...

ავღანეთმა გაახსენა?

ნეტავ, სირიაშიც ხომ არ წავა?

ამით იმის თქმა მინდა, რომ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს აერია თითქოს გეზი. ჩვენგან არც ისე შორს სიტუაციას აურიეს და გაიქცნენ.

პასუხისმგებლობა არავისია!

როცა ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ხარ, პასუხს ვერავინ მოგთხოვს.

ვნახოთ, რომელი ერის "გადარჩენას" შეეცდებიან შემდეგში, შემდეგს ვის გაწირავენ.

გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ჰეგელმა ერთხელ თქვა: "ერთადერთ რამეს, რასაც ისტორიიდან ვსწავლობთ ისაა, რომ ისტორიიდან არაფერს ვსწავლობთ."

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG