Accessibility links

site logo site logo

ზელენსკის თქმით, ის „ყოველ ღონეს იხმარს“ ყირიმის უკრაინისთვის დასაბრუნებლად


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ „ყოველ ღონეს იხმარს“ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის უკრაინისთვის დასაბრუნებლად. ეს განცხადება მან 23 აგვისტოს გააკეთა ფორუმზე, რომელზეც საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს.

ფორუმზე, რომელშიც 45 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის აშშ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინასთან ერთად უნდა გახდეს ევროპის ნაწილი.

„ამისთვის ყველა პოლიტიკურ, იურიდიულ და - უპირველეს ყოვლისა - დიპლომატიურ საშუალებას გამოვიყენებთ,“ თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიევს „ქმედითი მხარდაჭერა ესაჭიროება საერთაშორისო დონეზე.“

რუსეთმა 2014 წლის მარტში დაამყარა კონტროლი უკრაინის კუთვნილ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ხელში ჩაიგდო საკვანძო მნიშვნელობის ობიექტები და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევს მინიმუმ ასი ქვეყანა. მოსკოვი ასევე 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული ეხმარება სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ომს.

ზელენსკი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის ჩატარების ინიციატივით შარშან სექტემბერში გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.

ფორუმის მიზანია ქვეყნების კოალიციის შექმნა ყირიმის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის რეგიონებში უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის ხელის შესაწყობად.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ რუსეთს ბრალი დასდო, რომ მან ყირიმი აქცია „სამხედრო ბაზად“ და „რუსეთის დასაყრდენად შავ ზღვაში თავისი გავლენის გასაზრდელად.“ ამის საპასუხოდ რუსეთმა ფორუმს უწოდა „ფარსი“ და მონაწილეებს „შედეგებით“ დაემუქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG