Accessibility links

site logo site logo

​მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატობას გეგმავს


მალხაზ მაჩალიკაშვილი

ონლაინგამოცემა „რეგინფოს“ ინფორმაციით, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატობას გეგმავს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ კენჭს იყრის დუისის საარჩევნო ოლქში.

„რომ მივხვდი, ოპოზიციიდან კაციშვილი არ გადიოდა, იძულებული გავხდი, თავად მეყარა კენჭი. ეს გადაწყვეტილება ჩემი ბრძოლის ნაწილია. „ქართული ოცნება“ უნდა მოშორდეს მართვის სადავეებს. ეს განწყობა პანკისის ხეობაშიც კარგად ჩანს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება, სუს-ი თუ უშიშრობა, ყველაფერს აკეთებს, რომ დააშინოს ადამიანები, ციხეში ჩაყაროს და ხმებით დაიწყოს ვაჭრობა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიქნები, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, „ლელოდან“ თუ „ლეიბორისტებიდან“. ერთი ვიცი, რომ „ქართული ოცნებიდან“ არ ვიქნები“, – უთხრა „რეგინფოს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დუისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი დუისსა და წინუბანს მოიცავს. „ქართულმა ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილია ელდარ ბაღაკაშვილი. დამოუკიდებელი კანდიდატი კი ისლამ მარგოშვილია.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა. თემირლანი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დროიდან პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვს. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციების. მაჩალიკაშვილი მეუღლესთან ერთან პარლამენტთან გაშლილ კარავში თვეების განმავლობაში მოითხოვდა საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG