Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ეჭვქვეშ აყენებს თეირანის განზრახვას, დაუბრუნდეს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ირანის საკითხებში, რობერტ მალი რადიო "ფარდასთან" ინტერვიუს დროს. 2021 წლის 24 აგვისტო.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ირანის საკითხებში განუცხადა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს - რადიო „ფარდას“ - რომ ვაშინგტონმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ თეირანი კვლავაც აპირებს სრულად დაიცვას 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელმაც არსებითი შეზღუდვები დაუწესა ირანის ბირთვულ პროგრამას გამანადგურებელი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. „არ ვიცით, აპირებს თუ არა ირანი, დაუბრუნდეს ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) დაცვას ისევე, როგორც აშშ უბრუნდება ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის დაცვას“, - განუცხადა რობერტ მალიმ „ფარდას“, როცა ის ლაპარაკობდა ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) სახელითაა ცნობილი.

მალიმ დასძინა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია იმის გამო, რომ თეირანმა შეიძლება დაიკავოს უფრო მძაფრი პოზიცია მოლაპარაკებაზე, რომელზეც ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ. შეთანხმებიდან აშშ 2018 წელს გამოიყვანა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და კვლავ სანქციები დაუწესა ირანს.

ამის საპასუხოდ თეირანმა ეტაპობრივად დაიწყო დათქმული პირობების დარღვევა და, სხვათა შორის, შეუდგა 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაუბრუნდება შეთანხმებას, თუ ჯერ თეირანი დაიცავს თავდაპირველ პირობებს.

მალის თქმით, მხარეებს ჯერ კიდევ შეუძლიათ დაუბრუნდნენ შეთანხმების შესრულებას. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი მზად არის წავიდეს „რთულ კომპრომისებზე“.

ვაშინგტონმა და თეირანმა ვენაში უკვე გამართეს არაპირდაპირი მოლაპარაკების ექვსი რაუნდი. შეხვედრები შეწყდა ირანის ახალი პრეზიდენტის არჩევის პერიოდში. თანამდებობა დაიკავა მძაფრი ხაზის მომხრე იბრაჰიმ რაისიმ, რომელმაც თავისი ინაუგურაციისას თქვა, რომ სანქციები უნდა გაუქმდეს და ამის მისაღწევად ის დიპლომატიურ გზებს მოძებნის.

აშშ-მა მოუწოდა ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG