Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში უხუცესებს შეხვდა


„ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ხელმძღვანელი მესტიაში უხუცესებს და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა უხუცესებთან შეხვედრაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ადგილობრივებს მათ უმოკლეს პერიოდში მოგვარებას დაჰპირდა.

„ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრთან თეთნულდის კურორტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, კურორტ თეთნულდის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და ასევე მოეწყობა წყლის და კანალიზაციის სისტემებიც, რასაც ჯამში 5 მილიონი დასჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაწყებულია ჰაწვალის საბაგიროს დემონტაჟი და იგეგმება მისი სრულად გამოცვლა. პრემიერის განცხადებით, ლაღამის უბანი ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 33 მილიონი ლარია და სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. გარდა ამისა, მესტიაში ახალი ცენტრალური პარკი მოეწყობა, რომლის ღირებულება 5-6 მილიონი ლარი იქნება. ასევე, აშენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ირაკლი ღარიბაშვილმა უხუცესებთან ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღარიბაშვილის თქმით, მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა 2023 წელს, უშგულის გზა - 2022 წელს დასრულდება; იწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, რეაბილიტირდება თეთნულდი, ლაღამი გახდება ახალი ტურისტული ცენტრი.

ადმინისტრაციის ცნობით, ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ” პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად წმინდა გიორგის საგალობელი შეასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG