Accessibility links

site logo site logo

გახარიას პარტიის კოორდინატორის თქმით, მისი დედა და დეიდა სამსახურიდან გაათავისუფლეს


მარინა აბულაძე

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედა და დეიდა სამსახურებიდან გაათავისუფლეს. დედის მარინა აბულაძის თქმით, 24 აგვისტოს მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა მასთან ერთად ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე კაბინეტში დაიბარა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, რაზეც დებმა უარი განაცხადეს. დედას შვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა. როგორც ლევან თათოშვილი ამბობს, ზეწოლის შემდეგ გიორგი გახარიას პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორობა გადაწყვიტა და თბილისში პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართა. რამდენიმე საათში კი ახალციხეში, ჯერ დეიდამ, მოგვიანებით კი დედამ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მიიღეს.

„დროულად გაეშვას პოლიტიკურ საქმიანობას, თორემ მოგიწევთ განცხადების დაწერა და სახლში წასვლა“ - ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შემოთვლილი მთავარი მესიჯი. გუბერნატორის დავალებით მოხდა ჩემი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება. აუცილებლად საკადრის პასუხს გავცემთ, რადგან ამ მოძველებული მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია თანამედროვე სამყაროში. რამდენიმე დღეში გუნდის ფორმირებას მოვახდენთ და კანდიდატებს წარვადგენთ როგორც მერობის, ასევე საკრებულოს დეპუტატების პოზიციაზე“ - აცხადებს ლევან თათოშვილი.

თამარ აბულაძე საკრებულოში 90-იანი წლებიდან მუშაობს. ბოლო პერიოდში მას აპარატის უფროსის პოზიცია ეკავა. რაც შეეხება მარინა აბულაძეს, მასაც საჯარო სამსახურში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წლიდან მუშაობდა ააიპ ახალციხის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში იურისტის პოზიციაზე. მარინა აბულაძის თქმით, ,,არცერთ პარტიას, რომელი მთავრობითაც არ უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული, მსგავსი რამ არ უკადრია, რომ დეიდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან“.

მარინა აბულაძე საკუთარი უფლებების დასაცავად საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ,,გათავისუფლებისთვის იმდენად სასაცილო საფუძველებია, რომ მათ კვალიფიკაციაზე ესეც მეტყველებს. ჩემს დას ჩაუწერეს, რომ აქვს დისციპლინარული გადაცდომა, მაშინ როცა არანაირი დისციპლინარული წარმოება დაწყებული არ არის. მე კი, როგორც აიპის თანამშრომელი, შრომის კოდექსის 47-48-ე მუხლებით გამათავისუფლეს. მარტო ზოგადი მუხლები - არც პუნქტი, არც ქვეპუნქტი არ მიუთითეს - ანუ მე გათავისუფლებული ვარ ყველა მიზეზით - ანუ გარდაცვლილიც ვარ, განცხადებაც ჩემით დავწერე და აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომელიც არის ყველა მესადაგება“, - აცხადებს მარინა აბულაძე.

მას შემდეგ, რაც მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა დები კაბინეტში დაიბარა, მარინა და თამარ აბულაძეებმა შექმნილ ვითარებაში გარკვევამდე შვებულებაში გასვლის შესახებ, 25 აგვისტოს, განცხადებები დაწერეს. საპასუხოდ მათ გათავისუფლების ბრძანებები მიიღეს.

აბულაძეების ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ არცერთ უწყებაში. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაცია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალციხის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანება ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ. ადგილზე კი დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბრალდებების ადრესატები სამსახურში არ იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG