Accessibility links

site logo site logo

ქაბულის აეროპორტის აფეთქებიდან ვრცელდება ცნობები მსხვერპლის თაობაზე


ძლიერი აფეთქება მოხდა ქაბულის აეროპორტთან, სადაც თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ ქვეყნის დატოვების მოსურნე ათასობით ადამიანია შეკრებილი. აფეთქებამდე ვრცელდებოდა გაფრთხილებები მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

პენტაგონი და თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ 26 აგვისტოს აფეთქება მოხდა აეროპორტის კედლების წინ, რამაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა აეროპორტთან არსებული ქაოსი. 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როცა ქვეყანა საერთაშორისო სამხედროებმა უნდა დატოვონ.

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" მოაქვს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სიტყვები, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე 15 ადამიანი. ავღანეთის საინფორმაციო სააგენტო Pajhwok ორი დაღუპულის შესახებ იუწყება.

CNN ავრცელებს პენტაგონიდან წყაროს სიტყვებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე სამი ამერიკელი სამხედრო.

"ვადასტურებთ, რომ ქაბულის აეროპორტის წინ აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ცნობები ბუნდოვანია. დამატებით ინფორმაციას როგორც კი შევძლებთ, გავავრცელებთ" - ტვიტერით დაწერა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ.

როიტერსი ავრცელებს აშშ-ის ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვებს, რომ, პირველი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ გამოიწვია.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სასწრაფო წესით მუშაობს მომხდარში გასარკვევად, იმ ფონზე, როცა ზოგიერთი მედიასაშუალება მეორე აფეთქების შესახებ იუწყება.

დასავლეთის ქვეყნები გამოდიოდნენ ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის პროცესის ბოლო დღეებში აფეთქების საფრთხის შეასხებ გაფრთხილებით. 26 აგვისტოს, უფრო ადრე, რამდენიმე ქვეყანამ მოუწოდა ხალხს თავი აერიდებინათ აეროპორტის ტერიტორიისთვის.

რამდენიმე სახელმწიფომ უკვე დაასრულა ავღანეთიდან თავისი მოქალაქეების და მათთან მოთანამშრომლე ავღანელების გამოყვანის პროცესი. თალიბანი პირობას დებდა, რომ არ დაესხმებოდა თავს დასავლეთის ძალებს ევაკუაციის დროს, თუმცა ჯგუფი აცხადებს, რომ უცხოეთის ჯარებმა ავღანეთი უნდა დატოვონ 31 აგვისტომდე - აშშ-ის მიერ დაწესებულ ბოლო ვადამდე.

გასულ ღამით დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ თავდასხმის საფრთხეს ქმნიდა ავღანეთში მოქმედი, ექსტრემისტულ გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის მქონე ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG