Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი გახარიაზე: ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში ილაპარაკა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე. როგორც მან თქვა, გახარიას სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს, ისევე, როგორც მთელი გუნდი", - ამბობს ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარიას მმართველობის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

„ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რომლებიც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა. ძალიან ბევრი წარუმატებელი ოპერაცია იყო, თუნდაც კლუბების, შემდეგ პანკისის, შემდეგ „გავრილოვის ღამის“ მართვა, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა. ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიის დროს მთელი მთავრობა იყო ჩართული და მას, საპარლამენტო გუნდთან ერთად, მთელი პარტია მაქსიმალურად ვაძლიერებდით და როცა ერთ-ერთი კრიტიკული დრო დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის ფარგლებში, მან, პირდაპირ უნდა ითქვას და ამას სახელი დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა, მან ღალატი ჩაიდინა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG