Accessibility links

site logo site logo

18-19 წლის ტერორისტები?


ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების ბრალდებით დაკავებულ ხუთ პანკისელ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

26 აგვისტოს სხდომა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მედიისა და საზოგადოებისთვის დახურა, ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების მოტივით. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე კლდიაშვილმა გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, რომ არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

პანკისის ხეობის ხუთი მკვიდრი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 24 აგვისტოს. დაკავებულთაგან სამი, „რეგინფოს“ ინფორმაციით, 18 წლისაა, ერთი - 19. სუს-ის ვერსიით, ისინი გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

მეხუთე ბრალდებული 48 წლის უსუფ ცათიაშვილია. გამოძიების მტკიცებით, ცათიაშვილი ღიად ამბობდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირია და სწორედ მან გააწევრიანა ტერორისტულ ორგანიზაციაში დანარჩენი ბრალდებულები. მათ შორის ერთ-ერთი ცათიაშვილის ბიძაშვილის შვილია.

„ბრალდებულები პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მთავარი მტკიცებულება, რომელიც სუს-მა ოთხშაბათს გაასაჯაროვა, ვიდეოჩანაწერია, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა ერთგულების ფიცს, ე.წ. ბაიათს დებს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე.

„ერთგულებას ვპირდებით მორწმუნე ამირს და მუსლიმ ხალიფას - შეიხ აბუ იბრაჰიმ ალ ჰაშიმი ალ ყურეიშის. მოსმენითა და ნებით, როცა გვესმის და გვეცხადება ურწმუნოება, ჩვენ ვიღებთ მტკიცებულებას ღვთისგან. ღმერთია მოწამე იმისა, რაც ითქვა. ალაჰი უდიდესია!“ - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული არაბულ ენაზე. მისი ძმა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებულმა არაბული არ იცის და „ვიღაცამ ასწავლა ორი სიტყვა“.

გასაჯაროებული მასალის მეორე ნაწილი სატელეფონო საუბრების ჩანაწერია, რომელშიც - სუს-ის მტკიცებით - ბრალდებულები განიხილავენ თურქეთის გავლით სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ იდლიბში ჩასვლის შესაძლებლობებს.

„უკან დასაბრუნებლად არ ვართ ჩვენ წამოსული აქეთ. სულ რომ არაფერი, საზღვარზე მივალთ და იქ ვიომებთ, ღმერთის ნებით“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა, ჩანაწერის მიხედვით.

ჩანაწერის თანახმად, უსუფ ცათიაშვილი უცნობ პიროვნებას რუსულად ესაუბრება კორპუსის აფეთქებასთან დაკავშირებით.

„მანდ ბინის აღება, აღება. გაუშვი მანდ გაზი და ყველანი. მოკლედ, იქ, სიმართლე გითხრა, ერთ ძმაზე ასევე გაკეთება ნებისმიერ დროს საქმე უშვებს გაზს და აკეთებს, ისკრა. მორჩა, ყველაფერი გამოდის იქ. აფეთქება იქნება დიდი და კორპუსი აღარ იქნება“, - ამბობს ის.

პროკურორი გიორგი ხაჩიძე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულები კორპუსის აფეთქებას საქართველოში აპირებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ამას გამოძიება ჯერ კიდევ იკვლევს.

ცათიაშვილის მამა, იზნაურ მაჩალიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი შვილი თურქეთში, სტამბოლში ბოლოს 15 წლის წინ იყო თავის დასთან ჩასული. მას შემდეგ კი საზღვარგარეთ არასდროს ყოფილა.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები, ასევე, ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

საქართველო, როგორც „მარტივი მსხვერპლი“

ერაყსა და სირიაში შესუსტებული პოზიციების მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფო“ რეგიონში მაინც აქტიურია. გაეროს 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დაეში ცდილობს აღადგინოს თავისი საბრძოლო შესაძლებლობები.

ანგარიშის მიხედვით, ტერორისტების ფინანსური რეზერვები, სავარაუდოდ, სირიასა და ერაყში 25 მილიონიდან 50 მილიონ აშშ დოლარამდეა.

2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში ერაყის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქ მოსულში 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების დამარხული თანხა აღმოაჩინა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტერორისტების რეზერვები შეიძლება დამალული იყოს.

„მარტივი მსხვერპლია საქართველოსნაირი ქვეყანა. შავი და კასპიის ზღვების რეგიონიდან ადამიანების რეკრუტირება გაცილებით იაფია და მარტივი“, - ამბობს დათო ძიძიშვილი, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში და განაგრძობს: „დასავლური ქვეყნების სპეცსამსახურები კი საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ ISIS-სთან ბრძოლაში“.

სწორედ ანაზღაურებით, დასაქმებითა და მიკუთვნებულობის გრძნობით ცდილობს დაეში ადამიანების მიზიდვას, მაგალითად, ცენტრალურ აფრიკაში.

„ადრე თუ მუშაობდნენ იმაზე, რომ იდეოლოგიურად დაემუშავებინათ ადამიანები, ახლა ორიენტირებულნი არიან იდეოლოგიას პლუს მატერიალური დაინტერესება, რითაც უფრო მარტივად მოახდენს ადამიანის გადაბირებას“, - ეუბნება ძიძიშვილი რადიო თავისუფლებას.

დაეში, ასევე, კარგად იყენებს ინტერნეტს და სოციალურ მედიას და ამ გზით მარტივად სწვდება ახალგაზრდებს.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, სიძულვილისა და ძალადობის შემცველი ონლაინკონტენტის გავლენის მზარდი რისკებისგან დასაცავად - განსაკუთრებით ახალგაზრდებში - გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს დაეხმარა სიძულვილის ენის იდენტიფიცირებაში ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამასთან, დათო ძიძიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს განათლებას და ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ხუთი პანკისელის შემდეგი სასამართლო 20 სექტემბერს გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხ მათგანს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ერთს კი - 10-დან 17 წლამდე პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG