Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნებთან ერთად, ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტა კანადამაც


კანადა შეუერთდა უნგრეთს და ნატოს სხვა ევროპელ წევრ ქვეყნებს და აცხადებს, რომ დაასრულა თავისი თანამშრომლების და ავღანეთის მოქალაქეების ქაბულიდან ევაკუაციის პროცესი - იმ ფონზე, როცა ახლოვდება თვის ბოლო, ანუ ბოლო ვადა, რომელიც საერთაშორისო ძალებს აქვთ დაწესებული ავღანეთიდან გამოსასვლელად.

ბოლო დღეებში გაძლიერდა ზეწოლა ათასობით უცხოელის და ავღანელის ევაკუაციის პროცესის დასასრულებლად, ხოლო აშშ-მა და მოკავშირეებმა 26 აგვისტოს ძალებს მოუწოდეს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ, "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხის გამო.

26 აგვისტოს, მოგვიანებით, გავრცელდა ცნობები ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებების შესახებ.

"ავღანეთში იმდენ ხანს დავრჩით, რამდენიც შევძელით" - უთხრა ჟურნალისტებს კანადის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა უეინ ეირმა. "ვისურვებდით უფრო მეტი ხნით შეგვძლებოდა დარჩენა და ყველას გადარჩენა" - დასძინა მან.

ქაბულიდან საევაკუაციო ფრენების შეწყვეტის შესახებ უფრო ადრე გამოაცხადა ჰოლანდიის მთავრობამ და აღიარა, რომ ეს "მტკივნეული მომენტია", რადგან ხალხის ნაწილი თალიბანის მიერ მართულ ავღანეთში დარჩება.

მეზობელ ბელგიაში, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 26 აგვისტოს თქვა, რომ ქვეყანამ დაასრულა ევაკუაციის ოპერაცია, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წყაროებისგან შეიტყო, რომ ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ ტერორისტული აქტი მზადდებოდა.

ბუდაპეშტი აცხადებს, რომ 26 აგვისტოს ავღანეთი დატოვა და უნგრეთში უსაფრთხოდ ჩავიდა მისი ორი სამხედრო სამგზავრო თვითმფრინავი. ბუდაპეშტის ცნობით, უნგრეთში დაბრუნდა ყველა სამხედროც, რომელიც ევაკუაციის პროცესში იღებდა მონაწილეობას.

25 აგვისტოს საღამოს დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტრინე ბრამსენმა თქვა, რომ საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახების წევრების ევაკუაციის პროცესი მისმა ქვეყანამაც დაასრულა და გამოვიდა პირდაპირი განცხადებით, რომ "ქაბულის აეროპორტიდან ფრენა აღარ არის უსაფრთხო".

საფრანგეთი აცხადებს, რომ მისი ბოლო თვითმფრინავი ქაბულს 27 აგვისტოს დატოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG