Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მაგალითი უწოდა


აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პროგრამა არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი.

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი მომზადდა. აშშ-ის ევროპის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, NATO-ს ძალებთან თავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. აშშ-ის სამხედროების ყოფნა საქართველოში და მსგავსი საწვრთნელი პროგრამები არის აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - თქვა დეგნანმა.

დიპლომატმა ილაპარაკა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს, მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე დღესაა“, - აცხადებს დიპლომატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG