Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის საქართველომ ჰუმანიტარული სახით წყალი გაგზავნა


დღეს, ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგას და აქტიურად არის ჩართული როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში.

„ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე. საქართველო ამ პროცესში კვლავ დგას საერთაშორისო პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდб ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გაიგზავნა სასმელი წყალი. შეგახსენებთ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით. ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდб დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში. გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

საქართველოს მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტში განლაგდნენ ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა კი ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისით.

ქაბულიდან უკვე ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. ავღანეთში იმყოფებოდა საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქეც, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ კომპანიაში მუშაობდნენ. მათი ევაკუაცია გასული კვირის ბოლოს დასრულდა.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო. საერთო ჯამში, თავდასხმებს ემსხვერპლა სულ მცირე 90 ადამიანი.

ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო ხორასანი“, რომელიც რადიკალური მოძრაობა თალიბანის მეტოქეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG