Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატობაზე უარი თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, რომელიც შვილის გატაცების შესახებ იუწყებოდა


„ევროპული საქართველოს" წევრმა ლაშა დამენიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა 26 აგვისტოს თელავში მომხდარი ფაქტის შესახებ. საქმე ეხება პარტიის თელავის ორგანიზაციის წევრ ნინო გალახვარიძეს, რომელმაც, დამენიას თქმით, შვილთან დაკავშირებული შემთხვევის შემდეგ, უარი თქვა თელავის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით კენჭისყრაზე.

„პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, რაც განაცხადეს დაზარალებულებმა, ეს იყო იმის ზუსტი მაჩვენებელი, როგორი კრიმინალური მდგომარეობაა დღეს საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ დღისით, მზისით შეიძლება ადამიანის გატაცება და ეს კიდევ ერთხელ აჩევენებს, რა ვითარებაა. პოლიცია და კრიმინალური სამყარო ერთმანეთთან შეზრდილია", - აღნიშნა დამენიამ და დაამატა, - „პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მათ უარყვეს გატაცების ფაქტი და გარკვეულწილად გაუგებრობა უწოდეს". დამენიას მიაჩნია, რომ კრიმინალური გარჩევებიდან გამომდინარე, მათ ვერ ილაპარაკეს სიმართლე.

„იყო, როგორც მინიმუმ, კრიმინალური გარჩევა, რომელსაც, სამწუხაროდ, მთელი საქართველო აქვს მოცული და ამ ვითარებას „ქართული ოცნება“ იყენებს", - განაცხადა ლაშა დამენიამ.

ნინო გალახვარიძე 26 აგვისტოს ირწმუნებოდა, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სოფელ ნასამხრალიდან მისი 19 წლის შვილი ზაქრო კუსრაშვილი ავტომობილით გაიტაცეს. როგორც ის ამბობდა, გატაცებამდე შვილმა მასთან დარეკვა მოასწრო და ამის შესახებ უთხრა, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა. ოჯახი გატაცების ფაქტს დედის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.

მოგვიანებით, გალახვარიძემ პოზიცია შეიცვალა. ის და მისი 19 წლის შვილი თელავის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. „დედას ტელეფონზე სხვა რამ ვუთხარი და მან სხვა რამ გაიგო", - თქვა პოლიციიდან გამოსულმა ზაქრო ქუსრაშვილმა. ნინო გალახვარიძემ კი აღნიშნა, რომ მოხდა "გაუგებრობა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს". სწორედ, ამის შემდეგ, მან უარი თქვა არჩევნებში კენჭისყრაზე.

26 აგვისტოს, შვილის გატაცების შესახებ ნინო გალახვარიძის განცხადებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG