Accessibility links

site logo site logo

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავღანეთიდან ნახევარი მილიონი ლტოლვილის მისაღებად ემზადება


ავღანელი ლტოლვილების საპროტესტო გამოსვლა თალიბანის წინააღმდეგ გაეროს ოფისის წინ თეირანში, 2021 წლის 15 აგვისტო

გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ ის დაახლოებით ნახევარ მილიონ ლტოლვილს მიიღებს ავღანეთიდან წლის ბოლომდე, რადგან ძალადობის ზრდა მოსახლეობის შემდგომ იძულებით გადაადგილებას იწვევს.

ვითარება ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ "გაურკვეველი რჩება და შეიძლება სწრაფად განვითარდეს", - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამსახურმა 27 აგვისტოს.

სააგენტომ განაცხადა, რომ დაახლოებით 500 000 ლტოლვილი დაემატება 2.2 მილიონ ავღანელს, რომლებიც უკვე რეგისტრირებულები არიან, როგორც საზღვარგარეთ ლტოლვილები - თითქმის ყველა მათგანი პაკისტანსა და ირანშია.

სააგენტოს მოჰყავს მიახლოებითი გამოთვლები, რომელთა თანახმადაც, 558000 ადამიანი იქნა იძულებით გადაადგილებული ავღანეთის შიგნით ამ კონფლიქტის გამო მხოლოდ ამ წლის განმავლობაში .

მიახლოებითი გამოთვლით, 500 000 ახალი ლტოლვილი ამ რეგიონში "ყველაზე უარესი შემთხვევის სცენარია", განაცხადა კელი კლემენტსმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის მოადგილემ, ბრიფინგზე ჟენევაში.

კლემენტსმა განაცხადა, რომ გადმოცემის თანახმად, რამდენიმე ათასი ავღანელი შედის ირანში ყოველდღიურად მაშინ, როცა მოვაჭრეები აგრძელებენ ავღანეთიდან პაკისტანში და პაკისტანიდან ავღანეთში მისვლა-მოსვლას.
"თუმცა ჩვენ ამ მომენტში ვერ ვხედავდით ავღანელების დიდ გადინებას, ვითარება ავღანეთის შიგნით უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა", - დაამატა მან.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მოუწოდებს ყველა მეზობელ ქვეყანას, გახსნან თავიანთი საზღვრები ამ ხალხისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისკენ მიისწრაფიან.

ფილიპო გრანდიმ, გაეროს ლტოლვილთა უზენაესმა კომისარმა, მოლაპარაკებები გამართა ევროპის კომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და სხვა დონორებთან სააგენტოს გეგმის - ახალ შემომატებული მიგრანტების თავშესაფრით უზრუნველყოფისა და მათზე ზრუნვის - ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.

ნაჯიბა ვაზედაფოსტმა, აზია წყნარი ოკეანის ლტოლვილთა ქსელის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, გაფრთხილება გამოთქვა ავღანეთში "სიბნელის დადგომის" შესახებ. ვაზედაფოსტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხალხი რეკავს ავღანეთის კრიზისის დახმარების ხაზზე და ყვება სიკვდილით დასჯის, ცემის და მედია და რადიო სადგურების შევიწროების შესახებ.
მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ქალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ქალები "გვეუბნებიან, რომ მათ ეშინიათ იმის, რომ მათ მოკლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG