Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა COVID-19-ის წარმოშობაზე


აშშ-ის სადაზვერვო თემი აცხადებს, რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა COVID-19-ის წარმოშობის საკითხის გარშემო, მას შემდეგ, რაც სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეკვეთილი კვლევა, - ვკითხულობთ 27 აგვისტოს გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც გასაიდუმლოებული არ არის.

სადაზვერვო სტრუქტურების განცხადებით, ყველა სააგენტო "შესაძლებლად" მიიჩნევს ორ ჰიპოთეზას - რომ ვირუსი ადამიანს ან ინფიცირებული ცხოველისგან გადაედო, ან მან უჰანში მდებარე ჩინური ლაბორატორიიდან გამოჟონა.

კვლევის შეჯამება გამოაქვეყნა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა, რომელიც ხელმძღვანელობს აშშ-ში მოქმედ 17 სადაზვერვო სააგენტოს და ორგანიზაციას. სადაზვერვო თემი ამბობს, რომ SARS-CoV-2-მა - ვირუსმა, რომელიც COVID-19-ს იწვევს - სავარაუდოდ, პირველი ადამიანის ინფიცირება გამოიწვია არაუგვიანეს 2019 წლის ნოემბრისა, ხოლო ინფიცირების პირველი აღრიცხული ჯგუფი დეკემბერში, უჰანში გაჩნდა.

საერთო ჯამში, სადაზვერვო სტრუქტურები ამბობენ, რომ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ უფრო კონკრეტული ახსნის შესამუშავებლად მეტი ინფორმაციაა საჭირო.

გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ამბობს, რომ აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ ზეწოლას ჩინეთზე, საიმისოდ, რომ მან ითანამშრომლოს და ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია პანდემიის პირველი ეტაპების შესახებ. ჩინეთში არსებობს "კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ პანდემიის წარმოშობაზე, და მაინც, ჩინეთის მთავრობის წევრები თავიდანვე ცდილობდნენ, ეს ინფორმაცია არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი საერთაშორისო გამომძიებლებისთვის და ჯანდაცვის გლობალური თემის წევრებისთვის", - ამბობს ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG