Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანს ფოლკლორის მომღერლის მკვლელობაში ადანაშაულებენ


ავღანელი ფოლკლორის მომღერლის და მუსიკოსის ოჯახი ამბობს, რომ ის თალიბანის მებრძოლმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ქაბულიდან ჩრდილოეთით მდებარე, მთიან პროვინციაში.

ფავად ანდარაბის მკვლელობის შესახებ ცნობის გავრცელების ფონია მზარდი შეშფოთება, რომ ფუნდამენტალისტი ისლამისტი ჯგუფი ომით გაჩანაგებულ ავღანეთში დააბრუნებს იმ რეპრესიულ მმართველობას, რომელსაც ის ძალაუფლებაში უწინ ყოფნის დროს, 1996-2001 წლებში მისდევდა.

"ფავად ანდარაბი, ადგილობრივი ხელოვანი, გუშინ თალიბანმა ანდარაბის რეგიონის სოფელ კიშნაბადში მდებარე მისი სახლიდან ძალით გაიყვანა და მოკლა. ის ფოლკლორის ცნობილი მომღერალი იყო ხეობაში. მისმა ვაჟმა დაადასტურა ინციდენტი", - წერს ტვიტერით ავღანელი ჟურნალისტი, სამი მაჰდი. "ის უდანაშაულო იყო, უბრალოდ იყო მომღერალი, რომელიც ხალხს ართობდა", - უთხრა მისმა შვილმა, ჯავადმა, სააგენტო ასოშიეიტედ პრესს და დასძინა: "მათ მას თავში ესროლეს, ფერმის ტერიტორიაზე". მომღერლის შვილის თქმით, თალიბანის ადგილობრივი საბჭო მას მამამისის მკვლელის დასჯას დაჰპირდა. ასოშიეიტედ პრესი ავრცელებს თალიბანის პრესმდივნის სიტყვებს, რომ ჯგუფი შემთხვევას გამოიძიებს.

ანდარაბის ხეობა ბაღლანის პროვინციაშია, რომელიც ქაბულიდან ჩრდილოეთით, 100-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მეზობელი პანჯშირი ავღანეთში რჩება ერთადერთ პროვინციად, რომელსაც თალიბანი არ აკონტროლებს - მას შემდეგ, რაც ჯგუფის მიერ წარმოებულმა სწრაფმა შეტევამ დაამხო ავღანეთის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG