Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მანქანაზე


აშშ-მა დრონით მიიტანა იერიში ქაბულში მანქანაზე, რომლითაც ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები გადაადგილდებოდნენ, - აცხადებენ აშშ-ის არმიის წარმომადგენლები 29 აგვისტოს.

მათი თქმით, უპილოტო საფრენმა აპარატმა მიზანში ამოიღო მანქანა, რომელშიც აეროპორტისკენ მიმავალი თვითმკვლელი მოიერიშეები ისხდნენ. აშშ თვლის, რომ შეტევა წარმატებული იყო და სამიზნეს მოხვდა.

შეტევამ გამოიწვია "მნიშვნელოვანი მეორადი აფეთქებები", რაც ნიშნავს, რომ მანქანაში დიდი რაოდენობით იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, - ერთ-ერთი ოფიციალური პირის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.

პირველი მონაცემებით, საჰაერო იერიშს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც იუწყებიან, გვერდითი ზარალის შესახებ ცნობები კვლავაც შემოწმების პროცესშია.

მანამდე გავრცელდა ცნობები აეროპორტთან ახლოს განთავსებული სახლის აფეთქებაზე, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა ორი აფეთქება ერთმანეთს. ავღანეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ასოშიეიტედ პრესს უთხრა, რომ სახლის აფეთქებამ ბავშვი იმსხვერპლა.

აფეთქება მოხდა იმ ფონზე, როცა აშშ-ის დარჩენილი ძალები 31 აგვისტომდე ქაბულის დასატოვებლად ემზადებიან. აეროპორტში რჩება 1000-ზე ცოტა მეტი სამოქალაქო პირი, რომელთა ევაკუაციაც ავღანეთიდან სამხედროების საბოლოო გამოსვლამდე უნდა მოხდეს. აეროპორტში ვითარება დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც სამი დღის წინ თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ თავდასხმას იქ ათობით ადამიანი ემსხვერპლა, 13 ამერიკელი სამხედროს ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG