Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში ნაპრალები აღმოჩნდა


კოსმონავტებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემოწმებისას აღმოაჩინეს არაგამჭოლი ნაპრალები ყველაზე ძველ მოდულ „ზარიაზე“. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგიის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა. ის შიშობს, რომ დროთა განმავლობაში ნაპრალები გაფართოვდება. მანამდე გამჭოლი ნაპრალები აღმოაჩინეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სხვა რუსულ მოდულზე.

სოლოვიოვის თქმით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსული სეგმენტები ძალზე მოძველებულია. მოწყობილობის მწარმოებლები არ იძლევიან გარანტიას, რომ 2025 წლის შემდეგ ის არ დაიწყებს მწყობრიდან გამოსვლას, დასძინა გენერალურმა კონსტრუქტორმა. ძირითადად ეს ეხება კორპუსის ჰერმეტულობას და რთულ გამომთვლელ საშუალებებს, რომლებმაც თავიანთი რესურსი ამოწურეს. „სიტყვიერად ყველა ამბობს, რომ არაფერი გამოვა მწყობრიდან, მაგრამ დოკუმენტს ხელს არ აწერენ“, თქვა სოლოვიოვმა.

ივლისის დამდეგს „როსკოსმოსის“ სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ სადგურს „ძლივს უდგას სული“. მანამდე სოლოვიოვმა გამოთქვა პროგნოზი, რომ 2025 წლის შემდეგ ზვავივით დაიწყება სადგურის მრავალრიცხოვანი ელემენტების მწყობრიდან გამოსვლა.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე დიდი ხანია შეინიშნება ნაპრალები, რომლებიდანაც ხდება ჟანგბადის გაჟონვა. პირველი ნაპრალი 2018 წელს აღმოაჩინეს ხომალდ „სოიუზის“ გარსში. ერთი წლის შემდეგ სადგურიდან ჰაერის გაჟონვის ახალი შემთხვევა დააფიქსირეს.

2020 წლის აგვისტო-სექტემბერში გაჟონვის სიჩქარე ხუთჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის მაისში რუსეთმა და აშშ-მა შექმნეს რუსული მოდულიდან ჰაერის გაჟონვის მიზეზების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ივლისში ძებნა განახლდა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობაში მონაწილეობენ აშშ, რუსეთი, კანადა, იაპონია და ევროპის კავშირის კოსმოსური სააგენტო. ორბიტაზე სადგურის მონტაჟი 1998 წელს დაიწყო. პირველმა მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ 2000 წელს დაიწყო მუშაობა. ამჟამად სადგურში 65-ე ექსპედიცია მუშაობს ორი ამერიკელის, ორი რუსის, ერთი იაპონელისა და ერთი ფრანგის მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG