Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბუნია ამბობს, რომ ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაწყდება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე სკოლებში სწავლის დაწყებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება არის ყველასთვის სასურველი მოდელი, UNICEF-იც და WHO-ც ამ მიდგომას მხარს უჭერს - ყველაზე ბოლოს, რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, ეს არის სწავლა. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება..." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ისაუბრებენ განათლების სამინისტროსთან ერთად და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.

ორგანიზაციების განცხადებით, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვითა და მათი ვაქცინაციით მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად.

"უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით", - აღნიშნულია UNICEF-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG