Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყება


6 სექტემბერს განხლდება სასწავლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის საშუალო სკოლებში. მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება. ამის შესახებ დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილემ ელისა გაგლოევამ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონის 12 სკოლაში პირველი კლასები ვერ გაიხსნება.

„სოფლებში მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია. წელს სამხრეთ ოსეთის 12 სკოლა არ მიიღებს პირველ კლასელებს. ლენინგორის რაიონის ერთი სკოლა, რომელშიც ერთადერთი მოსწავლე მივიდა, დაიხურება, რადგან გოგონა მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. წელს, პირველკლასელები არ მოდიან კიროვის, სინაგურის, ზაყორის, წინაგარის, დამპალეთის, ტბეთის, ბიყარისა და რესპუბლიკის სხვა სოფლების სკოლებში, სულ 12 სკოლაში. ეს სტატისტიკა აჩვენებს ხალხის გადინებას სოფლებიდან, სკოლებში მოსწავლეთა არყოფნა ამის პირველი გამოძახილია”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ელისა გაგლოევამ ისიც განმარტა, რომ სკოლებში შეტანილია სადეზინფექციო საშუალებები. მისი თქმით, ინფიცირების წერტილოვანი გამოვლინებები მთელი სკოლის დახურვის საფუძველი ვერ გახდება და მხოლოდ კლასები გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე. დე ფაქტო განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მთელ ოკუპირებულ რეგიონში 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს, 6805 მოსწავლე ჰყავდათ. ახალ სასწავლო წელს 657 პირველკლასელი წავა სკოლებში.

დე ფაქტო განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოკუპირებულ რეგიონში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემაა და სოფლები ფაქტიურად დაცლილია მოსახლეობისგან.

2018 წლიდან დე ფაქტი რესპუბლიკაში სასწავლო წელი 5 სექტემბერს იწყება ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის გამო. ვინაიდან მიმდინარე წლის 5 სექტემბერი კვირაა, სწავლა დაიწყება ორშაბათს, 6 სექტემბერს, ამავე დროს სკოლებში ჩატარდება საზეიმო ღონისძიებები. დე ფაქტო სახელმწიფო უნიცირსიტეტში კი სწავლა დაიწყება 4 სექტემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG