Accessibility links

site logo site logo

„მესამე ძალის" პრეზენტაცია: გაერთიანებას გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად შეუერთდა


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას მხარდამჭერები ონლაინ ადევნებდნენ თვალ-ყურს. გიორგი ვაშაძემ გუნდის წევრად ოფიციალურად წარადგინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

„დღეს წარმოგიდგენთ იმ გუნდს, რომელმაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღო და დაიწყო მესამე ძალის წარმოება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე და განაგრძობს, - „პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ, რაღა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძე, ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩვენ 2018 წელს ძალიან დიდი ბრძოლა გავმართეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანობით დიდ შედეგს დავდებთ. გამარჯვებას მოვუტანთ მთელ საქართველოს. მადლობა ბატონო გრიგოლ, შემოერთებისთვის“.

გრიგოლ ვაშაძემ ილაპარაკა საგარეო პოლიტიკური გამოწვევების შესახებ. „საითაც გავიხედავთ, ჩვენ გარშემო, ჩვენი რეგიონის გარეთ, არის ომი: უკრაინაში ომი არის, სამხრეთ კავკასიაში ომი არის, სირიაში ომი არის, ავღანეთში ომი არის. გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ მას ეგონოს - ეს ჩვენ არ შეგვეხება. ჩვენ იმით რომ 30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური ფუნქციონირებადი დემოკრატია, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია, მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენს მოკავშირეებს ჯერ იმედგაცრუება გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება კი სრულ პესიმიზმში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ჩვენ იმისათვის, რომ მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, დავრჩებით მარტო“.

გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შესახებაც ილაპარაკა: „ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილი არის წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს. ჩვენ თუ ეს გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს".

„მესამე ძალაში“ გაერთიანდნენ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი რეზო კემულარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG