Accessibility links

site logo site logo

COVID-19-ის შედეგად გარდაცვალების სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 აგვისტოს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი და თოთხმეტი დღის მანძილზე 10%-ზე ზემოთ რჩება. სტაბილურად მზარდია გარდაცვალების მაჩვენებელი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 6 წლის ბავშვიც, რომელიც ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში თანმხლები დაავადებებითა და კოვიდგართულებებით მოათავსეს სამკურნალოდ.

ამჟამად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 13,4%-ია სრულად ვაქცინირებული, 27%-ს კი ჯერ მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და UNICEF მოუწოდებენ ქვეყნებს, რომ იმუნიზაციის საშუალებით სკოლები აქციონ უსაფრთხო სივრცეებად ბავშვებისთვის, რათა ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ.

"უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით", - აღნიშნულია UNICEF-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კი ჯერ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რა ფორმით გაგრძელდება სწავლა შემოდგომიდან. მძიმე ეპიდსიტუაციაში ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება..." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ამჟამად საქართველოში საავადმყოფოების გარდა უკვე ორი საველე ჰოსპიტალი იღებს კოვიდპაციენტებს. ქავთარაძის ქუჩაზე, სისხლის ბანკში გახსნილ საველე ჰოსპიტალში, 30 აგვისტოს მონაცემებით, 92 კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა. ბოლო 24 საათში, მდგომარეობის დამძიმების გამო, საველე ჰოსპიტლიდან კლინიკებში სამი პაციენტი გადაიყვანეს. სწორედ ამ საველე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 28 აგვისტოს 76 წლის პაციენტი.

რა სამედიცინო აღჭურვილობით ხვდება ჰოსპიტალი პაციენტებს და შეუძლია თუ არა მას პაციენტების რამდენიმედღიანი მკურნალობა? ვრცლად წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დროებითი სიჩუმე: რა ხდება მუზეუმში?

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ ფეისბუკზე ახალი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის ერთ გადაწყვეტილებასა და მის სავარაუდო შედეგებზე წერს.

როგორც ირკვევა, ეროვნული გალერეა რემონტისთვის დაიკეტა და დაიგეგმა მისი მეორე სართულის გადაღებვა (ამას 2020 წელს ეროვნული მუზეუმიც გეგმავდა, რაშიც მას პანდემიამ შეუშალა ხელი), მაგრამ, როგორც ეკა წერს, ამ რემონტის შემდეგ გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია აღარ აღდგება.

ეკა კიკნაძე იხსენებს 2011 წელს, როცა განახლებული ეროვნული გალერეის კონცეფციაში გალერეისა და მუზეუმის ფუნქცია გაერთიანდა. მაშინ, მეორე სართულის სამი მთავარი დარბაზი დაეთმო ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრებს, ხოლო მეოთხე დარბაზი - ელენე ახვლედიანს, შალვა ქიქოძეს, კირილ ზდანევიჩსა და ქეთევან მაღალაშვილს.

რა ხდება დაკეტილ მუზეუმში? წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ამერიკელი სამხედროები ავღანეთს საბოლოოდ დღეს დატოვებენ

ავღანეთს დღეს აშშ-ის სამხედროები საბოლოოდ დატოვებენ. მასობრივი ევაკუაცია 13 აგვისტოდან დაიწყო და აშშ-მ 15 ათასი ადამიანის გამოყვანა მოახერხა ქვეყნიდან. მათ შორის 8 ათასზე მეტი ავღანეთის მოქალაქეა, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეში აღმოჩნდა თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ.

წუხელ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ამერიკელი სამხედორების წასვლის შემდეგ ავღანეთში შეიქმნება უსაფრთხოების დერეფანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქაბულის აეროპორტიდან გაფრენა სურთ. უშიშროების საბჭო თალიბანისგან მოელის გარანტიას, რომ ავღანეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები უსაფრთხოდ მოახერხებენ ქვეყნიდან წასვლას.

ავღანეთიდან გაფრენის მსურველთა რაოდენობა კი არ წყდება. იქ მყოფთა მღელვარებას გახშირებული ტერორისტული აქტებიც ამძაფრებს. გუშინ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქაბულის აეროპორტს ექვსი რაკეტა ესროლა, თუმცა ისინი ჰაერშივე გაანეიტრალა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც აეროპორტში აშშ-ის სახმელეთო კონტინგენტის დასაცავად იყო განთავსებული.

წაიკითხე მეტი.

კობახიძის თქმით, ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა არ აქვს

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ევროკავშირის დახმარებას, რომლის გამოყოფაზეც შესაძლოა ბრიუსელმა უარი თქვას.

„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ.

წაიკითხე მეტი.

ლუიზიანის შტატი კატასტროფის ზონად გამოცხადდა

ლუიზიანის შტატში პირველი მსხვერპლი მოჰყვა უძლიერეს ქარიშხალ „იდას“. CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ქარის სიჩქარე პიკზე აღწევდა 240კმ/სთ-ს. ქარიშხალს თან ახლავს ძლიერი წვიმა. ლუიზიანის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა დაიწყო.

ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მილიონზე მეტი ადამიანი ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანის შტატის 25 ოლქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებები ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ხომ არ ვყრით ფულს? - გვჭირდება თუ არა საზღვარგარეთ, აცრის დასტურად აპოსტილი

სოციალურ ქსელებში მრავლად იძებნება საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველთა დაბნეული კომენტარები და შეკითხვები COVID-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ დაბნეულობას იწვევს კოვიდბარათების აპოსტილით დამოწმების საჭიროება, მით უფრო, რომ ეს სერვისი არცთუ იაფია.

26 აგვისტოს თამთა საფრანგეთში მიფრინავდა. ე.წ. კოვიდბარათი (ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა) იუსტიციის სახლში აიღო და შემდეგ, ამ ცნობის ფრანგულად თარგმნასა და აპოსტილით დამოწმებაში იქვე 105 ლარიც გადაიხადა.

თამთამ ამ წუთამდე არ იცის, სჭირდებოდა თუ არა საერთოდ ეს, მაგრამ, ფეისბუკის მითქმა-მოთქმების გამო, საბუთი მაინც გააკეთებინა, "ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით".

როცა მესაზღვრემ საზღვარზე კოვიდპასპორტი მოსთხოვა, თამთამ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი აჩვენა და თავისუფლად გაატარეს. მაგრამ შეკითხვა შეკითხვად დარჩა - სჭირდებოდა კი ნათარგმნი და დამოწმებული?!

წაიკითხე მეტი.

თალიბანისგან შევიწროების გამო, სულთანა აბდულჯამელი, ოჯახთან ერთად, ავღანეთიდან საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდა. საცხოვრებლის შეცვლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა თალიბანისგან შორს ყოფნა შვებას ჰგვრიდა. ახლა სულთანა ღელავს თავის ნათესავებზე, რომლებიც ქაბულში დარჩნენ, თალიბანის მმართველობის ქვეშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG