Accessibility links

site logo site logo

ლანა გალდავა თვითმმართველობის არჩევნებზე: კონკურენტებად არ ვთვლი პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს


ლანა გალდავა, "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი კანდიდატი ლანა გალდავა რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ჯანსაღი კონკურენციაა საჭირო და კონკურენტებად პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატებს არ მიიჩნევს. გადაცემაში მან განაცხადა, რომ მეორე ტურში ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით უნდა წარდგეს:

„მიზანი ჩვენ გვაქვს ერთი. იმ მიზნისთვის, რაც არის რეფერენდუმი და რაც არის „ქართული ოცნების“ დამარცხება, აქ უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია და ცხადია, მეორე ტური როდესაც დადგება, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მე ვგულისხმობ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს ხელისუფლებას“, - განაცხადა ლანა გალდავამ, რომელმაც გადაცემაში გამოთქვა იმედი, რომ ამომრჩეველი იაქტიურებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს გამოუცხადებს მხარდაჭერას. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რიგგარეშე არჩევნების რეფერენდუმად აღარ განიხილავს, ამით ამომრჩევლის განწყობა არ შეცვლილა:

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადა, რომ იდეა მოეკლა მოსახლეობის თვალში და ეთქვა, რომ 1 პროცენტიც რომ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, არჩევნები არ ჩაინიშნება, არა, ქართველმა ხალხმა იცის, მოსახლეობამ იცის, რომ ამ არჩევნებზე არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკო-ს თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG