Accessibility links

site logo site logo

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩია


ესტონეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ალარ კარისი.

31 აგვისტოს ესტონეთის პარლამენტმა კენჭისყრის მეორე რაუნდში აირჩია ქვეყნის ახალი პრეზიდენტი. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია იტყობინება. სახელმწიფოს მეთაური გახდება 63 წლის ბიოლოგი ალარ კარისი. ის მოლეკულური ბიოლოგიის სფეროში მუშაობდა, იყო ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი და ესტონეთის ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობდა.

ესტონეთის პრეზიდენტს ერთპალატიანი პარლამენტის წევრები ირჩევენ. კენჭისყრის პირველ ტურში, რომელიც 30 აგვისტოს გაიმართა, კარისს ხუთი ხმა დააკლდა დეპუტატების ხმების 2/3-ის მოსაგროვებლად. მეორე ტურში კარისს 72-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. მას არჩევისთვის 68 ხმა სჭირდებოდა. კარისი ერთადერთი კანდიდატი იყო.

11 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებებს კვლავაც მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი შეასრულებს. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.

აგვისტოში ესტონეთის საზოგადოებრივი ტელერადიოკორპორაციისთვის მიცემულ ინტერვიუში კარისმა აღიარა, რომ მოსკოვსა და ტალინს შორის ურთიერთობები რთულია და დაუშვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა, „თუკი ეს შედეგს გამოიღებს“. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ამ კორპორაციის რუსულენოვან სამსახურს მომავალში რუსულ ენაზე მისცემს ინტერვიუს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG