Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დემოგრაფიულ ორმოში 


2020 წელს საქართველო ბუნებრივი მატების გარეშე დარჩა - გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებისას გადაუსწრო. დემოგრაფები ამას კოვიდპანდემიასაც უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ მომავალ წლებში სურათი დიდად არ გაუმჯობესდება.

პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებისას გადააჭარბა. თუ 2019 წელს ბუნებრივი მატება 1 637 ადამიანი იყო, 2020 წლის მაჩვენებელი ასეთია - მინუს ოთხი ათას ჩვიდმეტი (-4017). კოვიდმა გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში 5.1%-ით გაზარდა.

2020 წლის მონაცემებით, დაქორწინებულთა რაოდენობაც დაახლოებით 7 ათასით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით - 16 359 ადამიანი.

საქორწინო კაბა ფოტოს გადასაღებად

გიორგიმ ცოლი 2020 წლის მარტში მოიყვანა, სწორედ მაშინ, როცა ქვეყანას კოვიდპანდემიის პირველმა ტალღამ გადაუარა. გზები ჩაკეტილი იყო და მილოცვა მხოლოდ იმათ მოახერხეს, ვინც ახლოს ცხოვრობდა. თუმცა წყვილის დაქორწინება არსად დაფიქსირებულა - მათ ხელი არ მოუწერიათ.

ძალიან ახლობლებში გავშალეთ სუფრა, ყველა ჩემი მეგობარი, რომელიც ამ პერიოდში დაქორწინდა, ასევე მოიქცა. კი უნდოდათ გოგოებს თეთრი კაბის ჩაცმა და ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა“, - ამბობს ის.

მაღაზია „მარიონელა“ უკვე წლებია საქორწინო კაბებს ყიდის და აქირავებს. „მარიონელას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლელა ტურძელაძე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პატარძლებს კაბები უფრო ფოტოს გადასაღებად მიაქვთ, ვიდრე ქორწილში ჩასაცმელად.

დიდ, გრანდიოზულ კაბებზე აღარ არის მოთხოვნა, ვერ იხდიან დიდ ქორწილებს და პატარა წრეში აღსანიშნავად ეს კაბები არ გამოდგება. ფოტოსესიისთვის თუ ჩაიცვამენ, ან ჯვრისწერისას“.

ქორწილი თბილისში
ქორწილი თბილისში

რაც შეეხება შობადობას, ქორწინებების რიცხვი ისედაც ყოველწლიურად მცირდებოდა, მაგრამ აქ ძალიან დიდი შემცირებაა. როგორც ქორწინება, ასევე განქორწინება შესაძლებელია გადადებულიყო იმის გამოც, რომ ადმინისტრაციული ორგანოები არ მუშაობდა“, - ამბობს პაატა შავიშვილი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

საქართველოში ყოველწლიურად იზრდება განქორწინებების რიცხვიც, პროცენტულად განქორწინებულია ყოველი მესამე, თუმცა, დემოგრაფი გია მელაძე ამბობს, რომ მომავალში განქორწინებების რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და 50 პროცენტს მიაღწიოს.

სად წავიდა რეპროდუქციული თაობა?

დემოგრაფები შობადობის კლებას კოვიდის გარეშეც ვარაუდობდნენ, რადგან დღეს საქართველოში ბავშვებს ის ქალები აჩენენ, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ - იმ წლებში კი ძალიან ცოტა ბავშვი გაჩნდა.

შობადობის კლება საქართველოში მოსალოდნელი იყო, ამას ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვწერდი, რადგან გოგონების თაობაა შემცირებული. თუ 90-იან წლებამდე წელიწადში 90 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 90-იან წლებში ეს ციფრი თითქმის განახევრდა. შობადობის პოტენციალი საქართველოში ისედაც არ იყო და კოვიდმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა. ვვარაუდობ, რომ შობადობის მაჩვენებელი დიდად არც მომავალში გაუმჯობესდება. ზოგადად უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში შობადობის შემცირებაა მოსალოდნელი, შემცირდება მოსახლეობის რაოდენობაც, ყოველ შემთხვევაში, რაც ვართ, იმაზე მეტი ნამდვილად არ ვიქნებით“, - ამბობს დემოგრაფი გია მელაძე.

დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთავრობამ რამდენიმე მცირე პროგრამა წამოიწყო, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების წახალისებას ითვალისწინებდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ დემოგრაფიული „ორმოს“ ამოსავსებად რადიკალური ცვლილებებია საჭირო, პირველ რიგში კი, ეკონომიკური განვითარება.

როგორი იქნება 2021 წლის მონაცემები?

დემოგრაფები ელოდებიან, რომ 2021 წლის მონაცემები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე 2020 წელს იყო, რადგან კოვიდპანდემიის გამო, 2021 წელს ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, დიდი ალბათობით, შემცირებულია შობადობაც.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისთვის
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისთვის

კოვიდის გამო, განსაკუთრებით დელტა შტამის გამოჩენის შემდეგ, ბევრმა ქალმა დაორსულება სამომავლოდ გადადო.

ძალიან ბევრი თავს იკავებს დაორსულებისგან. ან დაორსულებამდე ჯერ ვაქცინაციას გეგმავს. ზოგს ამ ვაქცინისაც ეშინია“, - ამბობს ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი სოფო თამაზაშვილი. მისი თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია ორსულისთვის, ვაქცინას, განსაკუთრებით „ფაიზერს“, არც ორსულისთვის და არც ნაყოფისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი აცრისგან მაინც თავს იკავებს.

თუ რამდენად იმოქმედებს მომავალში კოვიდი დემოგრაფიაზე, ამასთან დაკავშირებით ექსპერტებს უფრო დეტალურად საუბარი არ შეუძლიათ, რადგან ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კოვიდპანდემია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG