Accessibility links

site logo site logo

ქარიშხლით დაზარალებულ ახალ ორლეანში კომენდანტის საათი გამოცხადდა


დამანგრეველი ქარიშხლით დაზარალებულ ახალ ორლეანში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მოაწერა ქალაქის მერმა ლატოია ქანთრელმა.

ლუიზიანის შტატის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში გადაადგილება აიკრძალა საღამოს რვიდან დილის ექვს საათამდე. მიზანი დანაშაულის აღკვეთაა.

ლუიზიანის შტატს 29 აგვისტოს თავს დაატყდა დამანგრეველი ქარშხალი „იდა“. სტიქიამ ახალი ორლეანის ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია. ღამით, ჩაბნელებულ ქუჩებში ქურდობის ფაქტებზე პოლიციამ უკვე დააკავა რამდენიმე პირი.

ახალი ორლეანის მერს იმედი აქვს, რომ ენერგომომარაგება 1 სექტემბერს, საღამოსთვის აღდგება, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას სწრაფად დაუბრუნდება. პირველ ეტაპზე ელექტროენერგიას მიიღებენ სავაადმყოფოები, საგანგებო სამსახურები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები.

ქარიშხალმა „იდამ“ ლუიზიანის და მისისიპის შტატებში მთლიანად, ან ნაწილობრივ დაანგრია ასეულობით შენობა, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი.

ზუსტად 16 წლის წინ, 2005 წლის აგვისტოში, დამანგრეველმა ქარიშხალმა „კატრინამ“ ახალ ორლეანში 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG