Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: რუსეთის პოლიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნით ესაუბრება ნავალნის მომხრეებს


პოლიციის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს მოთხოვნით დადიან გამოკითხვების ჩასატარებლად რუსეთის იმ მოქალაქეებთან, რომელთა შესახებ მონაცემები, როგორც იტყობინებიან, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ბაზაში იყო. ამის შესახებ BBC-ს უთხრეს წყაროებმა, რომელთა თანახმად, ხელისუფლებას სურს დააშინოს ნავალნის სავარაუდო მომხრეები და არ დაუშვას ახალი საპროტესტო გამოსვლები სახელმწიფო დუმის სექტემბრის არჩევნების შემდეგ.

გამოკითხვა აგვისტოს შუა რიცხვებიდან ტარდება. OVD-Info-ს თანახმად, ამ მომენტისთვის პოლიციელებმა მიაკითხეს 1400-ზე მეტ ადამიანს, რომელთა მონაცემებს შეიცავდა პროექტების - „თავისუფლება ნავალნის“ და „ჭკვიანური კენჭისყრა“ - მონაცემთა ბაზები.

BBC-ის თანახმად, გასაუბრება დაახლოებით ერთნაირად მიმდინარეობს. პოლიციელები დაჟინებით ეკითხებიან ადამიანებს, ხომ არ გადაურიცხავთ შეწირულებები ნავალნის პროექტებისთვის, რომლებიც ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში არის შეტანილი და ახსენებენ მათ აკრძალული პროექტების მხარდაჭერისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

აპრილში ვებსაიტიდან „თავისუფლება ნავალნის“ მონაცემებმა გაჟონა. ნავალნის მომხრეები აცხადებენ, რომ გაჟონვა საგანგებოდ მოაწყვეს.

კომპიუტერული უსაფრთხოების ზოგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სუსტადაა დაცული ნავალნის პროექტი „ჭკვიანური კენჭისყრა“, ასევე შეწირულებების გაგზავნის სისტემა.

როგორც BBC-ს უთხრა ფსბ-სთან ახლოს მდგომმა წყარომ, ხელისუფლება „პროტესტის აქტივად“ აღიქვამს იმ ადამიანებს, რომელთა შესახებ მონაცემები ნავალნის რესურსების მონაცემთა ბაზებში ფიგურირებს. ბრიტანული მედიასაშუალების თანამოსაუბრეს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები გასაუბრებისას ნავალნის მომხრეებს მიანიშნებენ მათ წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლის დევნაზე, თუკი ისინი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებში მიიღებენ მონაწილეობას.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში BBC-ს კომენტარი არ მისცეს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ ამ საკითხზე არ მოეპოვება ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG