Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა და უკრაინამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ


თეთრ სახლში, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომლის თანახმად, ორი ქვეყნის კავშირები დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს, სტრატეგიული პარტნიორობა კი ეფუძნება საერთო ფასეულობებს და ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი ევროპის იდეისადმი ერთგულებას.

აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის ერთობლივი მუშაობისთვის, რათა რუსეთმა პასუხი აგოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ქმედებებმა და ყირიმის ანექსიამ 14 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა გლობალურ უსაფრთხოებას.

ერთობლივი განცხადების თანახმად, აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო ძალისხმევისადმი, რომლის მიზანია რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში ინიცირებული კონფლიქტის მოგვარება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა და უკრაინამ დაასრულეს თავდაცვის სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავება, რაც მოიცავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეფორმირებას, შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის გაღრმავებას, კიბერთავდაცვას, სადაზვერვო მონაცემების გაცვლას და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

აშშ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს მომავალი საგარეო-პოლიტიკური კურსი, მათ შორის ნატოში გაწევრიანება და კვლავაც მზად არის უკრაინას დაეხმაროს ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.

ერთობლივი განცხადების თანახმად, აშშ მზად არის უკრაინას დაუმტკიცოს 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინის“ და სხვა ტექნიკის მიწოდებას.

პრეზიდენტების, ბაიდენის და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საუბარია დახმარებაზეც, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს სხვადასხვა სფეროს რეფორმირების და კორუფციასთან ბრძოლის პროცესში.

გარდა ამისა, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ რუსულ გაზსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. აშშ გააგრძელებს საკანონმდებლო და დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა უკრაინამ შეინარჩუნოს სატრანზიტო როლი და აღიკვეთოს კრემლის მიერ ენერგორესურსების მიწოდების გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობები.

პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პირველ სექტემბერს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი ბრიფინგი არ გაუმართავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG