Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ევროკავშირს და ნატოს მიმართავენ


საქართველოში მოქმედმა 15-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებს. მიმართვის საფუძველია „ქართული ოცნების“ მთავრობის უარი ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე.

წერილში, რომლის ადრესატები არიან ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ნატოს გენერალური მდივანი, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას უწოდებენ „წინდაუხედავ უარს“ და „დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზს" და საჭიროდ მიიჩნევენ "ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენებას".

„ვთვლით, რომ მომხდარი საქართველოს მომავლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს სრულიად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთ-ერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად“.

ოპოზიციური პარტიების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 80%-სთვის ევროკავშირი და ნატო დღემდე უალტერნატივო არჩევანია და ყველა არჩევნებზე ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ პარტიებს, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას ჰპირდებიან:

„გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცხადად გვაჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი - ფასადი, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მოტყუებაა. ამ ფასადის მიღმა არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა. 5 ივლისი - დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ექსტრემისტების მიერ თბილისი პრაიდის დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო. ორგანიზებული მასობრივი დანაშაული რამდენიმე საათის მანძილზე ყოველგვარი საპოლიციო წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობდა - მთავარი ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი“.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ბრალს სდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული შეთანხმების პირობების უხეშად დარღვევასა და მოლაპარაკების ფორმატის დატოვებაში, რასაც დაემატა დაფინანსებაზე უარის თქმა, ეს კი, „სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამოცანაა ამ საფრთხეს წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სვლით გავუწიოთ და სიტუაცია შემოვაბრუნოთ, ვთვლით, ამ სიტუაციის შესაჩერებლად სწორედ ახლაა საჭირო ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენება. შეთანხმების მიხედვით, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა, თუკი მმართველი პარტია ამ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის აღებას ვერ მოახერხებდა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და ნატო, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს".

ღია წერილის ხელმომწერი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოქალაქეთა ხმების დასაცავად და "იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ". ოპოზიციურ პარტიებს სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელების "უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერის" იმედი აქვთ.

წერილს ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული დემოკრატიული პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, სამოქალაქო „ალიანსი თავისუფლებისთვის“, „კანონი და სამართალი“ და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის, 75 მილიონი ევროს სესხად მიღებაზე, რადგან ეკონომიკა იზრდება, საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება დაიწყო და ამასთან, საკითხმა შეიძინა დიდი პოლიტიკური დატვირთვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად 150-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილი, 75 მილიონი ევრო 30 სექტემბრამდე უნდა მიეღო, ორმხრივად შეთანხმებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში. 31 აგვისტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას, არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი და პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმავდროულად აღნიშნავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG