Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარი აცხადებს, რომ თალიბანთან მუშაობს ქაბულის აეროპორტის გასახსნელად


კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა თალიბანთან მუშაობს საიმისოდ, რომ "რაც შეიძლება სწრაფად" გაიხსნას ქაბულის აეროპორტი, ფრენების აღდგენის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ფონზე, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და უცხოელების და საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის გაგრძელება.

ჯერჯერობით "მკაფიო ნიშანი" არ არის როდის აღდგება ქაბულის აეროპორტში ნორმალური მუშაობა - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დომინიკ რააბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კატარის დედაქალაქ დოჰაში. "ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ რამდენიმე დღეში კარგ ამბებს გავიგებთ" - დასძინა მან.

ტელეკომპანია Al-Jazeera სამოქალაქო ავიაციის ავღანელ თანამშრომელზე დაყრდნობით 2 სექტემბერს იუწყება, რომ ქაბულის აეროპორტიდან შიდა ფრენები 3 სექტემბერს განახლდება, მაგრამ საერთაშორისო რეისების აღდგენას "დრო დასჭირდება".

რააბის თქმით, ბრიტანეთის "პირველი პრიორიტეტია უსაფრთხო გზის გამონახვა იქ დარჩენილი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის, და ამავე დროს ავღანელებისთვის, რომლებიც დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობდნენ, სხვებისთვისაც, ვისაც ყველაზე მწვავე საფრთხე ემუქრება".

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 14 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან 123,000-ზე მეტი უცხოელის და ავღანელის ევაკუაცია შეძლეს. პროცესი დასრულდა 31 აგვისტოს, როცა ავღანეთი, ოცწლიანი ომის შემდეგ, აშშ-მა დატოვა. ავღანეთზე თალიბანმა დაამყარა კონტროლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG