Accessibility links

site logo site logo

ბესლანის ტრაგედიის 17 წლისთავს ცხინვალშიც აღნიშნავენ


3 სექტემბერს, დილის 08:00 საათიდან ოკუპირებული ცხინვალის მთავარი მოედანი სტალინის, პუშკინის, ხეთაგუროვის, ტუგანოვის და ტაბოლოვის ქუჩების კვეთაზე გადაიკეტება. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სამგლოვიარო ღონისძიებების დროს, რომლებიც ბესლანში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების მე-17 წლისთავს ეძღვნება.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 3 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე.

3 სექტემბერს, დილის 8:00 საათიდან, საგზაო უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის და ცხინვალის მილიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ თეატრალური მოედნის დაკეტვას. ღონისძიებების დაწყებამდე განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის თანამშრომლები შეისწავლიან ტერიტორიას სპეციალური ტექნიკის და ძაღლების გამოყენებით. პიონერთა პარკის შესასვლელებთან შეიქმნება გამშვები პუნქტები და მოქალაქეების მეტალოდეტექტორების გამოყენებით შეამოწმებენ. - ნათქვამია დე ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2004 წლის 1 სექტემბერს ბესლანის პირველი სკოლის შენობა დაიკავეს ტერორისტებმა და ათასზე მეტი ადამიანი მძევლებად ჩაიგდეს ხელში. ისინი მოითხოვდნენ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას.

სამ სექტემბერს საგანგებო რაზმმა მოაწყო შენობის იერიში, რომლის დროსაც დაიღუპა 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი.

ეს იყო რუსეთის ისტორიაში დაღუპულთა რაოდენობით ტყველაზე მსხვილი ტერორისტული აქტი. ერთადერთ გადარჩენილ ტერორისტს, ნურპაში კულაევს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წელს რუსეთს დააკისრა ბესლანის ინციდენტის მსხვერპლის ოჯახებისთვის სამი მილიონი ევროს გადახდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მოვალეობა, თავიდან აეცილებინა ადამიანების სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე და ვერ დაგეგმა იერიში იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო მძევლების სიცოცხლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG