Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სილქნეტი" "ალტ-ინფოს" მორიგებას სთავაზობს


სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფის ტელევიზიას, "ალტ-ინფოს" მორიგებას სთავაზობს. "სილქნეტი" "ალტ-ინფოს" ჰპირდება, რომ მათ მაუწყებლობას საკუთარ ქსელში, ყველა სამაუწყებლო პაკეტში განათავსებს.

"ალტ-ინფოს" გავრცელების ვალდებულება "სილქნეტს" მოქმედი კანონმდებლობით აქვს. "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" უარი 8 ივნისს უთხრა - წერილში აღნიშნული იყო, რომ მათ იმ ეტაპზე არ ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა.

საკითხის განხილვა კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარეობდა. "ალტ-ინფომ" კომუნიკაციების კომისიას ხელახალი საჩივრით მიმართა და მოითხოვა საკუთარი მაუწყებლობის "სილქნეტის" ყველა სამაუწყებლო პაკეტში განთავსება. საკითხის მოსამზადებელი სხდომა 2 სექტემბერს გაიმართა.

"ახლიდან არის შემოტანილი კომპანიის მიერ, უბრალოდ, ინფორმაციას მოგაწვდით, ჩვენ ვაპირებდით "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებას მომდევნო კვირას, რადგან ამ კვირაში დასრულდა IT ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ის ტექნიკური გადაიარაღების პროცესი და, შესაბამისად, მათი ჩართვის თაობაზე იქით კვირას უნდა გვქონოდა კომუნიკაცია. არ ვიცი, რამდენად არის "ალტ-ინფო". გნებავთ, ჩანიშნეთ დავის განხილვა, მაგრამ იქეთ კვირიდან, როგორც მითხრა შესაბამისმა სამსახურმა, "ალტ-ინფოსთან" კომუნიკაცია შედგება მათი არხის გატარების შესახებ", - თქვა სხდომაზე "სილქნეტის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, კახი ყურაშვილმა.

  • "ალტ-ინფო" უხამსობის ტირაჟირებაში შემჩნეული არხია. ამ მიზეზით კომუნიკაციების კომისიამ მის მიმართ სანქცია ორჯერ უკვე გამოიყენა. მათ შორის, ერთ-ერთი შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, იმ დღეს, როცა მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები კი ამ მოძალადე ჯგუფების გვერდით იდგნენ, არხის ეთერში "უცენზურო ლექსიკა ისმოდა".
  • მეტიც, სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა, რომ 5 მარტის საღამოს ეთერში განთავსებულ პროგრამაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობის, ზოგადად ძალადობის და ბულინგის გამართლება ხდებოდა. ამ მიზეზით არხი დააჯარიმეს.

"ალტ-ინფომ" "სილქნეტს" ქსელში ჩართვის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინაც უჩივლა, თუმცა საჩივარი 29 ივლისს უკან გაითხოვა. დავა კომისიაში ამ მოტივით შეწყდა.

"სილქნეტი" ამ დრომდე ერთადერთი დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანია იყო, რომელიც "მაგთიკომისა" და "ახალი ქსელებისგან" განსხვავებით, ტექნიკური პრობლემის მიზეზით, უარს ეუბნებოდა "ალტ-ინფოს" ჩართვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG