Accessibility links

site logo site logo

კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფო", უხამსობის ტირაჟირების მიუხედავად, არ დააჯარიმა - რატომ?


კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს", რომლის დამფუძნებლებიც ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩევიან, უხამსობის ტირაჟირების მიუხედავად, ჯარიმა არ დააკისრა. 29 ივლისს კომუნიკაციების კომისიაში გამართული სხდომის შესახებ ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა, სადაც არ იყო აღნიშნული, რომ არხმა ეს დარღვევა ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მეორედ ჩაიდინა.

"ალტ-ინფო" ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს "ალტ-ინფოს" სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს "ალტ-ინტერვიუ" და "ალტ-ანალიტიკა". აღნიშნულ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება", - ეწერა კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სწორედ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა, რომელებიც, მათ შორის "ალტ-ინფოს" მოწოდებითაც გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენებს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 53 ჟურნალისტს. მათი ნაწილი მიყენებული დაზიანებების გამო ამ დრომდე ვერ დაბრუნდა სამსახურში.

ის, რომ ტელევიზიის ეთერით უხამსი გამონათქვამების ტირაჟირება მოხდა, კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე დაადასტურა "ალტ-ინფოს" დირექტორმა, შოთა მარტინენკომაც.

"გავეცანი თქვენ მიერ წარმოდგენილ მასალებს, ერთადერთი, რასაც არ ვეთანხმები, არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა - ამას არ ჰქონდა ჩვენი მხრიდან ადგილი, დანარჩენი არსებული კანონმდებლობით რაც არის [გათვალისწინებული] - უხამსი ლექსიკა, ცალსახად, იყო, რაც დაკავშირებული იყო, რომ ჩვენ გვქონდა აქციები და დაძაბული ემოციური ფონი იყო. აქედან გამომდინარე იყო რადიკალური გამონათქვამები და უხეში ლექსიკა... არ აღიარებას აზრი არ აქვს", - თქვა მარტინენკომ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში უხამსობა აღმოაჩინა. მეტიც, სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა, რომ 5 მარტის საღამოს ეთერში განთავსებულ პროგრამაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობის, ზოგადად ძალადობის და ბულინგის გამართლება ხდებოდა. მაშინ კომისიამ ეს არხი 2500 ლარით დააჯარიმა.

სწორედ ეს ჯარიმა გამოიყენა კომისიის აპარატმა არხისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების მისაცემად.

"2021 წლის 15 აპრილს დაეკისრა პასუხისმგებლობა კომპანიას 2500 ლარის ოდენობით... "ალტ-ინფოს" მიმართ არ ყოფილა გამოყენებული წერილობითი გაფრთხილება, შესაბამისად იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის დაკისრებას წინ უნდა უსწრებდეს წერილობითი გაფრთხილება, მოცემულობ არის, რომ არა ჯარიმაზე, არამედ გაფრთხილებაზე გადის კომპანია", - თქვა კომისიის თანამშრომელმა თამარ გოშუამ.

რადიო თავისუფლებამ კომუნიკაციების კომისიას ჰკითხა, რატომ არ დააჯარიმეს "ალტ-ინფო", როცა ამ მედიასაშუალებამ წესები ბოლო რამდენიმე თვეში ორჯერ დაარღვია, საქართველოს კანონმდებლობით კი დაღრვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმაა გათვალისწინებული.

კომისიის პრესსამსახურმა გადაწყვეტილება ორი არგუმენტით ახსნა:

  • კომისიამ 15 აპრილს "ალტ-ინფოს" ორი დარღვევა განიხილა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, ჯარიმა დაეკისრა უფრო სერიოზული დარღვევისთვის (პროგრამის განთავსებისთვის), მაგრამ უხამსობის ტირაჟირებისთვის "არ მიეცა წერილობითი გაფრთხილება, რადგან ჯარიმამ შთანთქა გაფრთხილება".​
  • 29 ივლისს, როცა კომისიამ განიხილა "ალტ-ინფოს" ეთერში უხამსობის ტირაჟირება, მას ანალოგიური დარღვევისთვის მას არ ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება, რის გამოც შეუძლებელი იყო ჯარიმის გამოყენება.

"გარდა ამისა, უხამსობის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას არაერთხელ აქვს გაცხადებული საჯაროდ, რომ მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას. პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება. კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა ასეთის არსებობის შემთხვევაში. დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას კომუნიკაციების კომისიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG