Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბოტკოველი: ადამიანების პოზიცია უნდა იყოს, რომ "ოცნებამ" უმრავლესობა ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ მოიპოვოს


გიორგი ბოტკოველი
გიორგი ბოტკოველი

ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი თელავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ბოტკოველი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ადამიანებს ქვეყანაში ცვლილებები სჭირდებათ, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში ადგილებზე ცალკეული ოპოზიციონერების გამარჯვება ძირეულ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. „სწორედ ამიტომ არის დღეს მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების პოზიცია იყოს ის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთ მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ერთად ბრძოლა კი გამოიწვევს იმას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„ამიტომ ჩვენი ბრძოლა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები... ზედმიწევნით ვიცი, რა აწუხებს იგივე კონდოლს, კახეთის ნებისმიერ სოფელს და ნებისმიერ უბანს. რა თქმა უნდა, ამ პრობლემებს მოგვარება სჭირდება, მაგრამ დღეს ყველას ერთად მთავარი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და ჩემი გზავნილი დღეს მოსახლეობის მიმართ არის ის, რომ მე ვიცი როგორ მოვაგვარო ეს პრობლემები, მე ვიცი სად არის ეს პრობლემები, მაგრამ ჩვენ ყველამ ჯერ მოვაგვაროთ ის მთავარი პრობლემა, რომელი პრობლემაც ამ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. სწორედ ამიტომ 2 ოქტომბერი არის რეფერენდუმი იმისთვის, რომ დავასრულოთ ყველამ ერთად „ქართული ოცნების“ მმართველობა და სწორედ ამის შემდეგ დავიწყოთ იმ პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ პრობლემები წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, მაგალითად, 2011-2012 წლებშიც არსებობდა, მაგრამ დღევანდელობისგან განსხვავებით, ადამიანებს ჰქონდათ იმედი, რომ ის, რაც ერთ წელს არ გაკეთდა, მომდევნო წელს გაკეთდებოდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მაშინ რატომ დაკარგა ხელისუფლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მან თქვა, რომ ეს მილიარდერის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული:

„2012 წელს მილიარდერის [ბიძინა ივანიშვილის] იმედი გაჩნდა, იმედი იმისა, რომ ეს კაცი მოვიდოდა და ააყვავებდა ქვეყანას. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და სწორედ იმ პრობლემების გამოსასწორებლად ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მილიარდერისთვის გამოეცხადებინათ ნდობა, რომელიც უღრუბლო ცას ჰპირდებოდა. ახლა ადამიანებმა ნახეს, რა არის მილიარდერის მმართველობა და დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი მილიარდერის გამოჩენაც ამ ყველაფერს ვერ შეცვლის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან ნიშნულთან მიახლოებასაც ვერ შეძლებს.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG